მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვის მხარდამჭერ პროექტს იწყებს

62960994e48f1
BM.GE
31.05.22 16:24
1091
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანიცაა, ერთი მხრივ იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ძველი საბჭოთა სამშენებლო სტანდარტების ევროპული თანამედროვე სტანდარტებით ჩანაცვლებისას საჭიროებს და მეორე მხრივ, აღნიშნული პროცესის ახალგაზრდების გაძლიერების და მათი დასაქმების გზით განხორციელება.

ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი:

„ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ისეთი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ჩვენ ვეხმარებით როგორც მთავრობას, ისე კერძო და სამოქალარო საზოგადოების ორგანიზაციებს ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ვთანამშრომლობთ მათთან კონსტრუქციული კერძო-საჯარო დიალოგის უზრუნველსაყოფად რეფორმების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდების დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების, ამ შემთხვევაში, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ჩართულობის საშუალებით, ხელს უწყობს აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.“

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია”, პროექტის ფარგლებში, განახორციელებს აქტივობებს როგორც საგანმანათლებლო, ისე პროცესების ადვოკატირების მიმართულებით.

კერძოდ, ასოციაცია მოწვეული ექსპერტებისა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, შეიმუშავებს გადამზადების სპეციალურ სასწავლო პროგრამას, ევროკოდების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა სიახლეა საქართველოსთვის და ის პირველად სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

ირაკლი ურუშაძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკოდებთან დაკავშირებული პროექტის კონსულტანტი:

“ძველი ნორმათა პაკეტი არის დაახლოებით 30-40 წლის. ძირითადი ფიზიკური ასპექტები დიდად არ შეცვლილა და ვერ შეიცვლებოდა ფიზიკური არსი მშენებლობის, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, იმან, რომ კაცობრიობამ გამოცდილება შეიძინა მშენებლობის კუთხით, იმან რომ ახალი მასალები შეიქმნა, უამრავი რამ შეცვალა. ამიტომ ძველი ნორმით სარგებლობას, ხიფათის გარდა, სერიოზული ეკონომიური ზეგავლენა აქვს.

ევროპული ნორმა გაცილებით მოქნილი და ადვილად დასანერგია, ვიდრე სხვა ქვეყნების - ვგულისხმობ - ამერიკის ან კანადის. ევროპის სახელმწიფოების გარდა სხვა ქვეყნებსაც ევროკოდები აქვს ადაპტირებული, სინგაპურს, ყაზახეთს. ანუ არაევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ მიღებული ევროკოდები, რადგან ნორმა არის ძალიან მოქნილად აწყობილი. მისი სტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნებმაც დანერგონ ის. ევროკოდების დანერგვით, ჩვენ საშუალება გვაქვს გავიზიაროთ ერთად აღებული ევროკავშირის ყველა ქვეყნის გამოცდილება სამშენებლო და საპროქტო ნაწილში. ამასთან, ევროკოდები ახლდება. ასე, რომ როცა განახლდება, ჩვენ უფრო მარტივად შევძლებთ მეორე თაობის ევროკოდებზე გადასვლას.

ტრენინგი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სპეციალისტების არსებულ თაობას აქვს განათლება მიღებული ძველი ნორმების გათვალისწინებით, ეს ტრენინგი იქნება დამატება იმ ცოდნისთვის, რაც მათ მიიღეს. მათ იციან, როგორ უნდა დააპროექტონ, მაგრამ ახლა უკვე ეცოდინებათ, როგორ უნდა დააპროექტონ ევროკოდების მიხედვით და როცა შემოვა ევროკოდები, სპეციალისტები მზად იქნებიან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადავიდეს ინდუსტრია ამ ნორმებზე.”

გადამზადების პროგრამა მოიცავს TOT ტრენინგებს, რომელიც განკუთვნილი იქნება 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პროფესიონალი ინჟინრებისათვის.

იგორ ტიმჩენკო, სასწავლო პროგრამის ავტორი: “სპეციალისტების მომზადება ევროკოდებში ძალიან აქტუალური თემაა. საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს ამ თემაზე, მაშინ, როდესაც ევროპა და თანამედროვე მსოფლიოს სამშენებლო ინდუსტრია ევროკოდებს ეყრდნობა. ძველი და ევროკოდების ნორმების იდეოლოგია სრულიად განსხვავებულია. ხშირად შემხვედრია მოტივირებული სტუდენტები, რომლებსაც სურთ ამ მიმართულებით ცოდნა შეიძინონ, თუმცა არ აქვთ ლიტერატურა, ხშირად, არ არსებობს ამ საკითხის მცოდნე ადამიანი. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპოა ეს კურსი და ასევე, მნიშვნელოვანია მისი გაგრძელება. ამ კურსის ფარგლებში, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თეორიის გარდა პრაქტიკული ნაწილიც, რომელიც შევა პროგრამაში.”

წარმატებული კურსდამთავრებულები თავად განახორციელებენ შემდგომში უკვე საპილოტე ტრენინგებს, შესაბამისი პროგრამების მქონე პარტნიორ უნივერსიტეტებში. ყოველივე ეს კი სამშენებლო ინდუსტრიის მზაობას შეუწყობს ხელს ევროკოდების სისტემის ამოქმედების მომენტისათვის.

ცნობისთვის: ევროკოდები არის ევროპული სტანდარტი (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს).

მისი მიზანია, დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები