9 ნოემბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ, ტექნიკური კომიტეტის წევრებისათვის მიწოდებული ევროპული სტანდარტის "ევროკოდი სსტ ენ 1990:20002/2021 - ევროკოდი 0 - კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები“ და მისი ეროვნული დანართის პროექტების განხილვა გაიმართა. პრეზენტაცია, რომელიც აღნიშნული ევროკოდის ძირითად შინაარსს და მისი ეროვნული დანართის მახასიათებლებს აღწერდა ექსპერტმა ირაკლი ურუშაძემ წარმოადგინა.
ტექნიკური კომიტეტი წარმოადგენს სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საკონსულტაციო ორგანოს, რომლის მიზანია, საქართველოს სტანდარტების შემუშავება/განხილვა მშენებლობის სფეროში. აღნიშნული კომიტეტის წევრია როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ასევე მის წევრებს წარმოადგენენ ასოციაციის წევრი კომპანიები. სწორედ ერთიანი ხედვისა და მოსაზრებების შესაჯერებლად, ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს და საერთო პოზიციებამდე ჩამოყალიბდნენ.
აღნიშნული შინაარსის შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამშენებლო სტანდარტების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, რაც, იმ პროცესის წარმართვას უწყობს ხელს, როგორიც არის მოძველებული საბჭოური სტანდარტების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. ეს მიმართულება წარმოადგენს ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, როგორც დარგის განვითარებისათვის გარდაუვლად აუცილებელ და დაჩქარებულად გადასაწყვეტ საკითხს.
ირაკლი ურუშაძე, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი ,,ევროკოდები" წევრი: ”ევროკოდებში თავმოყრილია ევროკავშირის 26 ქვეყნის გამოცდილება და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ის უკვე მზა სახით გამოვიყენოთ. ამასთან, ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი ნორმა, ნაციონალური დანართის სახით შემუშავდეს და მიებას კონკრეტულ ევროკოდს. ეს არის უფრო მოქნილი ნორმა, რომელმაც, იქიდან გამომდინარე, რომ 26 ქვეყანაში არის დანერგილი, აერთიანებს მხოლოდ ზოგად ფიზიკურ პარამეტრებს, რომლებიც უცვლელია და გრავიტაციის დონემდე დადის, მაგრამ დანარჩენი ციფრობრივი კოეფიციენტები, რაც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებაზე, თუნდაც ვაჭრობასა და ლოჯისტიკაზე, ეს ყველა პარამეტრი, შესაძლებელია მოარგო შენს ქვეყანას. ის გაძლევს შუალედებს, რომლის ფარგლებშიც, უსაფრთხოა მისი გამოყენება და, ამასთან, გაძლევს საშუალებას, აირჩიო ის მონაცემები, რომელიც შენს ეკონომიკურ მოდელს ერგება.
ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ევროკოდის მცოდნე ინჟინერს აქვს შესაძლებლობა და ცოდნა, რომ, ევროპაში იმუშაოს, ისევე, როგორც ევროპელ პროფესიონალს შეეძლება დანართის საფუძველზე საქართველოში შენობის დაპროექტება.“
მერაბ მამარდაშვილი, კომპანია „ინსი“, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი: “ევროკოდი გვაძლევს საშუალებას, მივიდეთ მზიდი კონსტრუქციების მუშაობის და შენობა-ნაგებობების მდგრადობისა და სიმტკიცის რეალური მნიშვნელობების დადგენამდე, ნებისმიერი გარე ზემოქმედების შემთხევაში. შენობის ტიპის და ხანგანმძლეობის შესაბამისად, უკვე შესაძლებელი ხდება იმ მასალების გამოყენება, რომლებიც უფრო დახვეწილია. ამასთან, გათვალისწინებულია შენობის დეფორმაციები. ყველა სფეროში მიდგომები განიცდის პროგრესს. ევროკოდებიც ამ პროგრესის ნაწილია. შეიძლება პროექტირების სტადიაზე, გარკვეული სამუშაოები შედარებით რთულდება, თუმცა გაცილებით იხვეწება.”
ალექსანდრე ველიჯანაშვილი, ოპტიმალ გრუპ +, ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი: „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკოდების დანერგვის, ევრონორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი, თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ გარდამავალი პერიოდის შემდეგ აიკრძალება ყველა მანამდე არსებული ნორმა, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ან ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნებს, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს ამ ცვლილებას: შესაძლებელი ხდება ევრობაზართან ინტეგრაცია, პროექტირების თვალსაზირით, გეძლევა შესაძლებლობა, სამშენებლო მასალების შესაბამისობამისობაში მოდიოდეს ნორმებთან.“
ცნობისთვის: ევროკოდები არის ევროპული სტანდარტი (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს).
მისი მიზანია, დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.
(NS)