მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგეგმება ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების კვლევა

63d52d17a63b9
თელარა გელანტია
28.01.23 18:29
1843
საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების კვლევის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსგან 2023 წლის გეგმები მოისმინა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ კვლევას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.

„კვლევის მიზანია მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო-სარკინიგზო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში“, - წერია პრესრელიზში, სადაც კვლევის ჩატარების ვადები და ბიუჯეტი მითითებული არაა.

BMG აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ეკონომიკის სამინისტროსგან შეეცდება.

გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესრელიზში ეწერა, „ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების ფარგლებში, 2023 წელს განხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა, რომლის მიზანია საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები