ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამუშავების გადავადებას ეხმაურება.
ევროკავშირის წარმომადგენლობა "ტვიტერზე" წერს, რომ იმედგაცრუებული არიან ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის გადავადებით.
“წარმომადგენლობა იმედგაცრუებულია ბირჟის კიდევ გადავადებით. ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნა მნიშვნელოვანი ეტაპია ენერგეტიკის სექტორის რეფორმასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციაში”,-წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბირჟასთან დაკავშირებით განცხადება “ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნომაც გაავრცელა.
“ბოლო გადავადება და წინა შეფერხებები სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე. იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპულ ენერგეტიკულ სექტორში ინტეგრაცია, მათ შორის ელექტროენერგიის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფუნქციური ელექტროენერგიის შიდა ბაზარი აუცილებელი წინაპირობაა”, - წერია განცხადებაში.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეექვსედ გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.