მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, სხვას ფიქრობდა და სხვა თქვა...ვაქცინაცია აუცილებელია“ - ურუშაძე პრემიერის განცახდებაზე

620a1b661b9f8
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 19:20
847
იმედია, სხვას ფიქრობდა და სხვა თქვა, რადგან ვაქცინაცია აუცილებელია - ასე შეაფასა ჯანდაცვის სპეციალისტმა სანდრო ურუშაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია „ომიკრონის“ შტამზე  პრაქტიკულად არ მუშაობს.

დარგის წარმომადგენელი თვლის, რომ როდესაც პრემიერი ასე აფასებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, მოსახლეობაში აცრების მიმართ ნდობაც უფრო ნაკლები იქნება, ეს კი ინფორმაციის სიმცირის, კომუნიკაციის არარსებობის და გაუნათლებლობის ბრალია.

„იმედია სხვას ფიქრობდა და სხვა თქვა, რადგან ვაქცინაცია აუცილებელია, იცავს განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონეებს და ხანდაზმულებს დამძიმებისგან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად. ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა დავაბნიოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მთავრობიდან მოდიოდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ავცრათ და დავასრულოთ პანდემია.

ვაქცინაციის პროცესმა აჩვენა რამხელა მნიშვნელობა აქვს განათლებას ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საზოგადოების სწორად ინფორმირებას, მოსახლეობის საერთო განათლებას, მგონი ამის დეფიციტია და ეს გამონათქვამიც ამის ბრალია, რომ სწორი კომუნიკაცია ვერ ხერხდება. როდესაც პრემიერი არ არის მკაფიოდ ინფორმირებული, წარმომიდგენია დანარჩენი მოსახლეობისთვის რა ძნელია სწორი არჩევანის გაკეთება.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუსტი გადამოწმებული მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობასთან და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ ვაქცინაციის შემდეგ“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

მისი შეფასებით, შესაძლოა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტის ბოლოს /აპრილისთვის დასტაბილურდეს, თუმცა ეს საკმაოდ ბევრი გარდაცვლილი ადამიანის ხარჯზე მოხდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ვიგებთ, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება მით ნაკლები იქნება გარდაცვალების მაჩვენებელი“, - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები