მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმერეთის აგროზონის“ პროექტის ფარგლებში 150 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას პროგნოზირებენ

5f48bf118b348
თამთა ჯიჯავაძე
28.08.20 17:00
1996
სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 150 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელება მოიაზრება. ამის შესახებ პროექტზე მომუშავე ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმის „გეოჰოლდინგ & KSH“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დადიანმა bm.ge-ს განუცხადა.

"სრული საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 150 მლნ ევროა, რომელიც 100 მლნ სესხისგან და 50 მლნ ე.წ Equity-სგან, ანუ პირდაპირი ინვესტიციისგან შედგება", – განაცხადა გიორგი დადიანმა. 

აღნიშნული პროექტი იმერეთის რეგიონში ხორციელდება და ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული.

პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი დასრულებულია, უკვე შექმნილია სასათბურე კლასტერის განვითარების კონცეფცია და სამუშაო გეგმა, რომლის მომზადებაზეც, სწორედ ქართულ-ჰოლანდიურმა კონსორციუმმა იმუშავა.

კონსორციუმი, „იმერეთის აგროზონას“ უწევს ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, სამართლებრივ და ფინანსურ საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას, ეხმარება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და განვითარებად სააგენტოებთან თანამშრომლობით, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში.

როგორც კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დადიანმა bm.ge-ს განუცხადა, პროექტი გადავიდა განვითარების მეორე ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვის მომზადებას და პოტენციური, კერძო მომხმარებლების (ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, კოოპერატივები) „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის პროექტის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვევას.

როგორც დადიანი აცხადებს, პროექტის მიმდინარეობის მეორე ფაზა მხარდაჭერილია როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა (ABD, World Bank, EIB, IFC და სხვა) და განვითარების სააგენტოების (USAID, FAO, ENPARD, UNDP) მიერ. კერძოდ, USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია „იმერეთის აგროზონის“ ტერიტორიაზე პირველი კერძო, საპილოტე, პროექტების განხორციელება, რაც ითვალისწინებს სანერგე და შემგროვებელი სამაცივრე მეურნეობისათვის საგრანტო პაკეტის შეთავაზებას.

გიორგი დადიანის განცხადებით, სასათბურე მეურნეობების კლასტერი ითვალისწინებს, დაინტერესებული პოტენციური, კერძო სამეწარმეო სუბიექტებისთვის „იმერეთის აგროზონის“ კუთვნილ 220 ჰექტრიან მიწის ნაკვეთზე საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტი განვითარების რამდენიმე ეტაპს მოიცავს და გაგრძელდება 3-დან 5 წლამდე.

ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, სასათბურე მეურნეობების დაფუძნებისას, საქართველოში, კერძო მეწარმეები აწყდებიან უამრავ პრობლემას, მათ შორის რეგიონებში სათანადო საწარმოო ინფრასტრუქტურის არ არსებობას, საკმარისი მოცულობის ენერგიის წყაროებთან (გაზი, დენი) ხელმისაწვდომობასთან და შესაბამისი ნებართვების აღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მიღებული პროდუქციის სერტიფიცირების კომპლექსურობას, საერთაშორისო სტანდარტებით პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ხელმისაწვდომობის არქონას და სხვა.

„„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერი ორიენტირებულია, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, შექმნას ისეთი საწარმოო სივრცე სადაც კერძო მეწარმე სუბიექტებს ექნებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან მიმართებით, ერთი ფანჯრის პრინციპით, მოწოდებულ სერვისებთან ხელმისაწვდომობა, გამართული საწარმოო იმნფრასტრუქტურა და შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლებისა თუ ექსპერტების კონსულტაციით, რომლებმაც პროექტის პირველივე ფაზაზე, უკვე გამოთქვეს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის ფარგლებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის სურვილი“, – განაცხადა გიორგი დადიანმა.

გიორგი დადიანმა ხაზი გაუსვა „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილი სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, სადაც კლასტერის მიმდებარედ არსებული კოპიტნარის დასახლებაში მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირები, მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები და ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველი ადამიანები, შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები, არამარტო სამუშაოების წარმოების დაბალ დონეზე, არამედ აგრარული პროექტების მართვის, პროდუქციის გაყიდვების, სასუქების და პესტიციდების მიწოდების, საერთაშორისო სტანდარტების დაცვის, შესაბამისი ანგარიშგების და აღრიცხვიანობის კუთხით.

ცნობისთვის, ქართულ-ჰოლანდიური კონსორციუმი 2019 წელს დაფუძნდა ჰოლანდიური და ქართულ-გერმანული საკონსულტაციო კომპანიების გაერთიანებით, სწორედ „იმერეთის აგროზონის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. კონსორციუმი დააფუძნა ერთი მხრივ: შპს „გეოჰოლდინგმა“, და მეორე მხრივ ჰოლანდიურმა კომპანია – K. Spiertz Holding B.V.-მ.

„გეოჰოლდინგის“ პარტნიორებიც არიან: გერმანიის მოქალაქე, ფინანსური ექსპერტ-კონულტანტი, Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის ყოფილი ბანკირი და კაპიტალური ბაზრების ექსპერტი, მიქაელ ნორსი და საქართველოს მოქალაქე, გიორგი დადიანი. „გეოჰოლდინგი“, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს და საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე ახორციელებს ფინანსურ და სამართლებრივ კონსულტაციას სხვადასხვა დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.

ჰოლანდიურმა კომპანია – K. Spiertz Holding B.V.-ს კი გააჩნია საკონსულტაციო და საექსპერტო 35-წლიანი გამოცდილება სასათბურე მეურნეობების მშენებლობის, დაგეგმარებისა და ოპერირების განხრით. K. Spiertz Holding B.V.-ს განხორციელებული აქვს 3,000-ზე მეტი სხვა და სხვა სიდიდის პროექტი აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჰოლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები