მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში წარმოებული ჩაი შესაძლოა აშშ-ში გაიყიდოს

622a1ef31515e
ანუკა ჯოხაძე
11.03.22 00:05
1235
იმერელმა მეჩაიე გიგა კიპაროიძემ ჩაის წარმოება იმერეთში 2018 წელს დაიწყო. სახელწმიფო პროგრამის დახმარებით მეწარმემ ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში, ზღვის დონიდან 825 მეტრზე, 20 ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე ბიო ჩაის პლანტაციები გააშენა. 

მეწარმეს ბიზნესის განვითარებაში და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებული პროექტი GRETA დაეხმარა: მოამარაგა მანქანა-დანადგარებით და საჭირო ცოდნით. მისი თქმით, პროექტ GRETA-ს დახმარებით ის დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც კონტაქტების დაგროვება შეძლო. კიპაროიძის განმარტებით, უკვე დაიდო ხელშეკრულებაც, რომლის მეშვეობით მანდაეთში წარმოებული ჩაი ექსპორტზე ამერიკაში გავა. 

“პროექტ GRETA-ს დახმარებით დუბაიში საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით, სადაც შევიძინე კონტაქტები. სამი ვიზიტორისგან ყოველდღე მოგვდის წერილები, ისინი ინტერესდებიან რაოდენობებით და ხარისხით. უფრო მეტიც, ერთ-ერთთან უკვე დავასრულე ხელშეკრულებაზე მუშაობა. ესაა კომპანია, რომელსაც უნდა თავისი ბრენდის ქვეშ ჩვენი ჩაი ამერიკის ბაზარზე გაიტანოს. ამ კომპანიას იქ ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს,”-აცხადებს კომპანია “აგრო კულტურა +”-ის დამფუძნებელი გიგა კიპაროიძე. 

ცნობისთვის, „აგრო კულტურა+“ ჩაის მოყვარულებს ხელით მოკრეფილ ფოთლოვან და გრეხილ შავ, მწვანე, თეთრ და მოცვის ჩაის სთავაზობს. ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი ჩაის ბუჩქის ჯიში „ქართული #8“ არის, რომელიც ქართველი მეცნიერის, ქსენია ბახტაძის მიერ იუანის წვრილფოთოლა და იაპონური მსხვილფოთოლა ჯიშების სელექციის შედეგად არის გამოყვანილი. 

ამასთან, პროექტი GRETA, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით ხორციელდება, მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.   

პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 6,8 მილიონი ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები