საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა - ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ფინანსთა მინისტრთან და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯეიმს ჯონის განცხადებით, ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ფონდმა გადახედა მის წინა პროგნოზს, რომელიც 2023 წელს საქართველოში 4%-იან ზრდას მოიცავდა და ის 5%-მდე გაზარდა.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე აწია ეროვნულმა ბანკმაც, რის შესახებაც გადაწყცეტილება სებ-მა გუშინ მიიღო.
“2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოთ აღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება,”- განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
ეროვნული ბანკის მსგავსად 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის წელს საქართველოს მთავრობაც. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული BDD დოკუმენტის თანახმად, წელს ქვეყნის ეკონომიკის ზომა მიმდინარე ფასებში 79.6 მილიარდ ლარს ანუ 29.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მშპ ერთ მოსახლეზე კი 21.4 ათასი ლარი, ანუ 7.9 ათასი დოლარი იქნება.