მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს, ფქვილის სუბსიდირება 20 ლარამდე უნდა გაიზარდოს - სილაგავა

605cc1e2a65e2
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 23:00
1234
„მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან და ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორ და რა მოცულობით ითხოვს ბიზნესი ფქვილის სუბსიდირებას - ამ კითხვებით BM.GE-მ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელ დირექტორს ლევან სილაგავას მიმართა, რომელიც განმარტავს, რომ ფქვილის სამიზნე ფასის (53 ლარის) შესანარჩუნებლად ფქვილის მწარმოებლებს 15-ლარიანი სუბსიდირება არ ეყოფოდათ.

"სუბსიდირება 1 დეკემბრიდან დაიწყო, მაშინ ფქვილის ფასი თავისუფალ ბაზარზე 63 ლარი იყო, ხოლო პირველი ხარისხის ფქვილის სამიზნე ფასი 53 ლარია, რადგან პირველადი პურის მწარმოებელი ქარხნების თქმით, პროდუქტი იმ შემთხვევაში არ გაძვირდებოდა, თუ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება ნოემბერში არსებული ფასის შესაბამისი იქნებოდა.

თავდაპირველად ფქვილის სუბსიდირების პროგრამა პირველ ორ თვეზე 10 ლარზე იყო გათვლილი, იმიტომ რომ ფასის ცვლილებას ვერავინ განსაზღვრავდა. ხორბალი ძვირდებოდა და შესაძლოა ის 10 ლარი შემდეგ პერიოდში არ ჰყოფნოდათ. ორი თვის შემდეგ ხორბალის გაძვირების შედეგად ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 67-68 ლარი იყო და საჭირო გახდა 15-ლარიანი სუბსიდირება.

თუმცა აქ 1 იანვრიდან ჩვენ ბევრი შიდა ფაქტორი დაგვერთი - მოიმატა ელექტროენერგიის ფასმა. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფომ მწარმოებლებს გაძვირებული ტარიფის ნახევარი დაასუბსიდირა, ჩვენი ასოციაციის წევრი 9 კომპანია ამ სუბსიდირების პროგრამაში მოხვდა, მაგრამ ზოგი წისქვილი ვერ ჩაერთო.  

ელექტროენერგიის სუბსიდირების მიუხედავად, დენის გაძვირების ეფექტი 1.5 ლარი იყო. ამას 1 იანვრიდან დღგ-ს გადახდის ახალი წესიც დაემატა, რაც სუბსიდირებული თანხის დღგ-ით დაბეგვრას გულისხმობს. ფქვილის 15-ლარიანი სუბსიდირებიდან გამოკლებული დღგ-ის გადასახადი - 2.6 ლარი;  ელექტროენერგიის გაძვირების ეფექტი - 1.3 – 1.5 ლარამდე; ვალუტის კურსის ცვლილების გამო 0.4 ლარით გაძვირებული შესაფუთი მასალები, შესაბამისად სუბსიდირებული თანხიდან მეწარმეთა ნაწილს ფქვილის ფასის შესანარჩუნებლად 10.5 ლარი, ზოგს კი 11.0 ლარი რჩებოდა", - განმარტა ლევან სილაგავამ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, დღემდე წისქვილებმა ფქვილზე ფასი შეინარჩუნეს, თუმცა პრობლემა შეიქმნა და დღეისთვის იმისთვის, რომ პურის მწარმოებლებმა ერთი ტომარა ფქვილი 53 ლარად შეიძინონ და პური არ გაძვირდეს, არსებული შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, სუბსიდირება 20 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"ჩვენი გაანგარიშებით დღეისთვის 20 ლარის სუბსიდირებაა საჭირო, საიდანაც 3.6 ლარი დღგ-ს გადასახადია და ყველა ხარჯის გათვალისწინებით ეფექტური სუბსიდირების თანხად 15 ლარი რჩება. ესეც ზღვრული თანხაა, რადგან რუსეთში ექსპორტის ბაჟის დაწესების გამო ხორბლის ღირებულება გაძვირდა, რაც მოქმედებას დაახლოებით 20 დღეში დაიწყებს და ერთი ტომარა ფქვილის ფასი თავისუფალ ბაზარზე 1-2 ლარით 70 ლარამდე გაძვირდება", - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სუბსიდირების ვადებს, ლევან სილაგავა განმარტავს, რომ სექტორისთვის შესაძლოა აპრილ-მაისიც საკმარისი იყოს, თუმცა ივნისში სუბსიდირების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.

"შესაძლოა განიხილონ 2+1 თვე. ივნისში,  რადგან ხორბლის ახალ მოსავალთან ახლოს ვიქნებით, რაც ხშირ შემთხვევაში ხორბლის ღირებულებაზე პოზიტიურად მოქმედება და ფასი იკლებს, შესაძლოა ფქვილზე და შესაბამისად საბოლოო პროდუქტზე - პურზე ფასის შენარჩუნებისთვის, სუბსიდირება საჭირო აღარ იყოს", - აღნიშნა სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში სუბსიდირების პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 4 მლნ ლარია.

„წინა სუბსიდირების პროგრამები 10 000 ტონა ფქვილზე იყოს გათვლილი, რაც 200 000 ტომარაა. შესაბამისად  პროგრამის 1 თვის ბიუჯერი 4 მლნ ლარია, თუმცა ესეც მსჯელობის საკითხია", - აღნიშნა სილაგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები