მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებული საწვავის ფასი გაგვეზარდა, თუმცა ავიაკომპანიებს ეს ცვლილება არ შეხებიათ - Georgian Petroleum

634fa1ac4c0c0
მარიამ ვარადაშვილი
19.10.22 18:37
777
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის [IATA] მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში საავიაციო საწვავზე ფასი 19%-ით, წლიურად კი 47%-ით გაიზარდა. ევროპის რეგიონში ბარელზე საწვავის ფასი თითქმის 144 დოლარს აღწევს. საქართველოში ერთი ტონა საავიაციო საწვავის ფასი კი 1000 დოლარს აჭარბებს.

საავიაციო ნავთობის იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ საწვავის მიწოდებაზე შეფერხებები აღარ აქვთ. როგორც მან BMG-ის უთხრა, კომპანიამ მომწოდებლები შეცვალა, რის გამოც საწვავის შესასყიდი ფასი გაეზარდათ, მაგრამ ავიაკომპანიებს ისევ არსებული კონტრაქტების ფასად აწვდიან. 

“ჩვენთვის, როგორც იმპორტიორისთვის, ფასის სტაბილურობაა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, იმპორტირებული საწვავის ფასი უცებ არ შემცირდეს და ავიაკომპანიამ არ იზარალოს, რადგან კომპანიებთან ხელშეკრულებები საწვავის ინდექსზე მიბმის პრინციპით ფორმდება და ინდექსის ვარდნის შემთხვევაში საწვავის სარეალიზაციო ფასიც ავტომატურად მცირდება. ბუნებრივია, ჩვენგან განსხვავებით, ავიაკომპანიისთვის საწვავის საბოლოო ფასია მნიშვნელოვანი, რადგან ბილეთის ფასში ის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ივლისის ბოლოს ქართულ ბაზარზე საწვავის მიწოდების პრობლემა გაჩნდა, რის გამოც კომპანიამ ახალი მიმწოდებლების ძიება დაიწყო.

ასევე მოხდა მომწოდებლების ჩანაცვლება და ამ ეტაპზე მიწოდების პრობლემა ბაზარზე არ არის. თუმცა გაიზარდა ლოჯისტიკური დანახარჯები, რაც მთლიანად გამოწვეულია რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება საწვავის ფასზე და იწვევს მის გაძვირებას. მომწოდებელი ქვეყნები ძირითად იგივე დარჩა, თუმცა მომწოდებელი კომპანიები ჩავანაცვლეთ. აგვისტოს ბოლოსთვის ეს საკითხი უკვე დარეგულირებული იყო. ჩვენი ძირითადი საიმპორტო ქვეყნებია საბერძნეთი და თურქეთი. საქართველოს ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწვავის ფასი თვეში ორჯერ ახლდება. საავიაციო საწვავის შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ბარელ ნავთობის ფასზე არსებული ცვლილება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მის ფასზე, თუმცა ფასში გარკვეული ბმა არსებობს”,-აცხადებს ანდღულაძე.

მისივე თქმით, საავიაციო საწვავის საბოლოო ფასი დგინდება ფორმულით, რომელიც პირდაპირ ბმაშია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებულ ინდექსთან [Platts]. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხდება საქართველოს საავიაციო ბაზარზეც აისახება.

„გადასახადების კუთხით, საქართველოში საავიაციო საწვავის საჰაერო ხომალდის ბორტზე მიწოდება, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ფრენებისთვის, იბეგრება ნულოვანი განაკვეთით როგორც აქციზის, ისე დღგ-ს კუთხით, შესაბამისად, აქციზი და დღგ არ მონაწილეობს ავიაბილეთის ფასწარმოქმნაში. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნულოვანი დაბეგვრის აღნიშნული პრაქტიკა საკმაოდ კარგად მუშაობს რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის მოქნილობას და ბაზრის განვითარებას”,-ამბობს იმპორტიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები