მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური რუპია დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება - მიზეზები

62d6827262040
გიორგი თოლორდავა
19.07.22 17:22
1717
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ინდური რუპიის ღირებულება რეკორდული ტემპით ეცემა - ერთწლიან ჭრილში, ინდოეთის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 11%-ით გაუფასურდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 74 რუპიის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 80 რუპიას აღწევს, რაც მოკლე პერიოდში ვალუტის გაუფასურების 8%-იანი, ხოლო ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

რუპიის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური ვითარება კი არასტაბილურო.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვაჭრობა - სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება ანუ იმპორტის ზრდა ექსპორტთან შედარებით, დამატებით ზრდის ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე, რაც, თავის მხრივ, დოლართან მიმართებით რუპიის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.

უშუალოდ ინდოეთის ეკონომიკური ფაქტორებისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყარი და უსაფრთხო სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერება, რასაც ხელს უწყობს ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში FED-ის მონეტარული კომიტეტი განაკვეთს დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაზრდის, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ამერიკულ დოლარს როგორც სხვა უცხოურ ვალუტებთან, ასევე რუპიასთან მიმართებითაც.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული დოლარი მკვეთრად არა მარტო რუპიასთან, არამედ ევროსთან იაპონურ იენთან და სხვა საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებითაც მყარდება.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები