მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდუსტრიის მომგებიანობა ძირითადად საბანკო ხაზებთან დაკავშირებული დაზღვევის სახეობების ზრდამ განაპირობა - „არდი“

მიხეილ ჯაფარიძე არდი

მიმდინარე წლის 6 თვეში სადაზღვევო ინდუსტრია 34,3 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებს 10 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდათ.

წლიურად 86 მლნ-ით გაიზარდა მოზიდული პრემიის პორტფელიც. ჯამში 18 სადაზღვევო კომპანიას 591 მლნ ლარის პრემიის პორტფელი აქვს.  ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც „ჯიპიაიამ მოიზიდა“ (110 მლნ ლარი), მეორე ადგილზე - „თიბისია“ (90 მლნ ლარი), მესამეზე კი - „ალდაგი“ (84 მლნ ლარი). ხუთეულში შედიან ასევე იმედი L, არდი და უნისონი.

ანაზღაურებული ზარალების მიხედვითაც პირველ ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია, წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 55 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა. ჯამურად ინდუსტრიის მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ანაზღაურებული ზარალების მოცულობა კი 227,6 მილიონ ლარს შეადგენს.

„არდის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ბაზრის ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 17%-ია, თუმცა თითოეული ინდივიდუალური კომპანიის შედეგი განსხვავებულია.

მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, ინდუსტრიის მოგებიანობის კონტრიბუტორი ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ არის, რომელიც ბაზრის ნახევარს შეადგენს, სექტორის მოგების ზრდაში კი მონაწილეობა ძირითადად ისეთმა დაზღვევის სახეობებმა განაპირობა, როგორიც არის ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და დაზღვევის სხვა ტიპის სახეობები. „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს სახეობები ძირითადად დაკავშირებულია საბანკო სესხებთან, საკრედიტო ქონების დაზღვევასთან, საკრედიტო ავტოდაზღვევასთან და ა.შ

„6 თვის სტატისტიკით, წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით ბაზრის მოგება ჯამურად გაზრდილია, თუმცა თუ ავიღებთ სათითაოდ ბაზრის მოთამაშეების მაჩვენებლებს, რეალურად ამ მოგების 70-80% მოდის 2-3 მოთამაშეზე, აქედან გამომდინარე ტრენდი დაახლოებით იგივეა. იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა დაახლოებით 47%-ია, თითქმის ნახევარი  ბაზრის, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის კონტრიბუტორი ამ მოგების ზრდის, უფრო ის მიმართულებებია, სადაც ისტორიულად უფრო მეტი რესურსი იყო მოგების გენერირების. ძირითადად ეს არის სიცოცხლის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, რაც ძირითადად დაკავშირებულია საბანკო ხაზებთან.

ეს ტრენდი ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, მანამ სანამ გარკვეული ტიპის ცვლილება არ იქნება. მაგალითად, არ შემოვა სავალდებულო ტიპის დაზღვევის სახეობები“,-განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები