მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ეს აშშ-ის მთავარი პრობლემაა - ჯანეტ იელენი

62a0a885a3fc8
გიორგი თოლორდავა
08.06.22 18:00
1033

სენატის ფინანსური კომიტეტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ინფლაცია ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ამჟამად „მიუღებლად მაღალ“ დეონეზეა და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ის ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

„ჩვენ ამჟამად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვართ, მათ შორის, ინფლაციის დონე მიუღებლად მაღალ დონეზეა, მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია, რუსეთ-უკრაინის ომით კი, ენერგორესურსებისა და სურსათის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი.

ვფიქრობ, რომ ინფლაციის შემცირება უნდა იყოს ამჟამად ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა იელენმა.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა აღიარა 2020-21 წლებში დაშვებული შეცდომა და განაცხადა, რომ ინფლაციის რისკებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არასწორი იყო. გასულ წელს ხაზინადარი იელენი და ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ირწმუნებოდნენ, რომ ფასების ზრდა დროებითი პრობლემა იქნებოდა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, მალევე მოგვარდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იელენისა და პაუელის მაშინდელი პროგნოზი, რომელიც არ ითვალისწინებდა რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების რისკებს, არ გამართლდა.

„როცა მე ვთქვი, რომ ინფლაცია დროებითი პრობლემა იქნებოდა, მაშინ მე არ ველოდი მოვლენების ასეთ სცენარით განვითარებას. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ კოვიდ-19-ის რამდენიმე შტამთან გამკლავების შემდეგ, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითაა გამოწვეული“.

სენატის წინაშე ანგარიშის წარდგენისას იელენი რესპუბლიკელი კონგრესმენების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სენატორ ჯონ ტუნის შეფასებით, ინფლაციის ტემპის დაჩქარებაში დიდი წვლილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებულ პოლიტიკას, კერძოდ, $1.9-ტრილიონიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას მიუძღვის.

იელენის განცხადებით, ის მოელის, რომ უახლოეს მომავალში ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდეს.


"ვფიქრობ, ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის მალე დაიწყებს შემცირებას“, - დასძინა იელენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები