მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Интер РАО-ს მემორანდუმს არ ვიცნობ, მაგრამ ტარიფი სატარიფო მეთოდოლოგიით უნდა განისაზღვროს - მილორავა

63ece1c2ca43d
მარიამ ვარადაშვილი
15.02.23 17:36
474
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია Интер РАО-თან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ [სემეკმა] 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სემეკის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსულ კომპანიასთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის პირობებს არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მონოპოლიები მეთოდოლოგიით დათვლილ ტარიფს უნდა მორგებოდნენ.

“დავა არ ყოფილა იმაზე, თუ რატომ შემცირდა ტარიფები. სინამდვილეში, სახელმწიფოსთან დავა იმაზე მიმდინარეობდა, რომ 2015 წელს, როცა მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფი გაზარდა და ეს ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი დაახლოებით 40% იყო, Интер РАО ითხოვდა უფრო მეტად ზრდას. რეალურად ქვეყნამ 2014 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კომპანიებთან მემორანდუმების ნაცვლად ტარიფი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრა. ამის შემდეგ ყველა ქსელურ კომპანიას ტარიფი ამ წესით უდგინდება. ამიტომ, ვფიქრობ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, [კომპანიასთან გაფორმებულ მემორანდუმს] არ ვიცნობ",-ამბობს მილორავა.

კითხვაზე დღესაც მიიღებდა თუ არა იგივე გადაწვეტილებას, ირინა მილორავა პასუხობს, რომ “აუცილებლად, რადგან ეს საუკეთესო პრაქტიკაა”.

და ამატებს, რომ მემორანდუმების წესი შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე გამართლებული იყოს იმით, რომ ქვეყანაში შესაბამისი საინვესტიციო ბაზა არ არის, თუმცა ბუნებრივი მონოპოლიები სატარიფო რეგულირებაზე უნდა გადასულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ Интер РАО ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები