ინტერპოლი მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მეტავერსში ვირტუალური ოფისის გახსნას გეგმავს.
ინტერპოლის ცნობით, ვირტუალური ოფისი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და მისი საშუალებით ვიზიტორები გარკვეული სერვისების მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
"მეტავერსი არ გვიახლოვდება, ის უკვე აქ არის. რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში ინტერპოლის ამოცანა ერთია - ებრძოლოს კრიმინალს და უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება, ამ ამოცანის განხორციელებას ჩვენ ახლა უკვე მეტავერსშიც განვაგრძობთ", - განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ სტოკმა.
ინტერპოლის შეფასებით, ინტერნეტის განვითარების პარალელურად, იზრდება კიბერდანაშაულის რაოდენობა და შესაძლებლობებიც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ინტერპოლი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ვირტუალურ სამყაროშიც ოპერირებდეს და მსოფლიოს კიბერდამნაშავეებისგანაც იცავდეს.