მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intourist Kazbegi - პანდემიის დროს 8 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედებული სასტუმრო

606725a865309
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.21 00:16
6793
პანდემიის პერიოდში ყაზბეგში, 8 მლნ ლარამდე ინვესტიციით 2021 წლის მარტის დასაწყისში სასტუმრო „ინტურისტ ყაზბეგი“ ამოქმედდა. ადგილობრივი კომპანიის ფინანსური რესურსით განახლებულმა და გახსნილმა 43-ნომრიანმა სასტუმრომ სტუმრების მიღება ოფიციალურად 7 მარტიდან, სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით მოქმედი კომპანია Local Hospitality-ს კონსულტირებით დაიწყო.



BM.GE-სთან საუბრისას Local Hospitality-ს მმართველი პარტნიორი ანდრეი ვლასოვი აღნიშნავს, რომ სასტუმრო ისტორიული მნიშვნელობის არის, რადგან 60 წლის წინ ყაზბეგში ის ინტურისტის ქსელის სახელით ოპერირებდა. მისივე თქმით, დღეისთვის სასტუმრო 35-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. 

„ეს თანამედროვე დიზაინის სასტუმროა, სადაც შვიდი კატეგორიის, როგორც სტანდარტული ასევე მაღალი კლასის ნომრებია, რომელიც ინტერიერით და შესაბამისი ღირებულებით გამოირჩევა. ინტერიერში გამოყენებულია ისეთი დეტალები, როგორიცაა აბაზანა ფანჯარასთან ყაზბეგის ხედით, რაც ყაზბეგისთვის სიახლეა. მოქმედებს რესტორანი, სადაც არის როგორც ევროპული ასევე კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო“, - ამბობს ანდრეი ვლასოვი.



სასტუმროს დამფუძნებლები მის გახსნას გასულ 2020 წელს გეგმავდნენ, მაგრამ პანდემიამ და არსებულმა შეზღუდვებმა ინვესტორ კომპანიას „ინტურისტ ყაზბეგის“ ამოქმედება რამდენჯერმე გადაავადებინა, თუმცა შემდგომში Local Hospitality-თან თანამშრომლობით ჩატარდა ბაზრის მოკვლევა და ბიზნეს გეგმა დაისახა.

„პანდემია და ლოქდაუნები ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც სასტუმროს ამოქმედება 2020 წელს რამდენიმეჯერ გადაიდო. პროცესში ჩვენი კომპანია დაახლოებით ნოემბერში ჩაერთო და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც სასტუმროს გახსნა გადავწყვიტეთ, ეს ზამთარში ჩვენ მიერ წარმოებული კვლევა იყო, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი შევისწავლეთ. ამ პერიოდში რეგიონში შიდა ტურიზმის ხარჯზე სასტუმროების კარგმა დატვირთულობამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ „ინტურისტ ყაზბეგი“ აგვემოქმედებინა. დღეს გვგონია, რომ სასტუმროს ოპერირებას მარტივად შევძლებთ, იმიტომ რომ ყაზბეგზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მხრიდან დიდია. თუმცა ოპერირებას იმ დატვირთვით და იმ ფასებით, როგორიც 2019 წელს იყო, ვერ შეძლებს. გავიხსენით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სასტუმრო, ხარჯი დავფაროთ და ტურიზმის მიმართულებით უკეთესს დღეებს დაველოდოთ“, - განმარტა Local Hospitality-ის მმართველმა პარტნიორმა.





მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ღირებულება 120 ლარიდან იწყება და ნომრის კატეგორიების მიხედვით იცვლება. დღეისთვის სასტუმრო 10%-12%-იანი დატვირთვით მუშაობს, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტში აქტივობის გაზრდას აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ელიან.

„რეალურად მესამე კვირაა რაც გავიხსენით, არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ ჩაგვიტარებია და სატესტო რეჟიმში დაახლოებით 50-მდე სტუმარი მივიღეთ. ველით, რომ აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში სასტუმრო სრული დატვირთვით ამოქმედდება. ამ ეტაპზე დატვირთვა უფრო შიდა ტურიზმიდან იქნება, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნასთან და ფრენების მეტად გააქტიურებასთან ერთად, საერთაშორისო ტურიზმის გააქტიურებასაც ველით“, - აღნიშნა ანდრეი ვლასოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები