მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების შემოდინების 3 ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოსთვის - Capital Locus

5fffffd77d21f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.21 09:40
1261
კრიზისულ პერიოდში საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობასა და საჭიროებაზე როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში აქტიურად საუბრობენ. პანდემიამ და მისი გავლენით გააქტიურებულმა ბიზნესების რეალოკაციამ საკითხი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა. 

2020 წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 719 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ 228 მლნ დოლარით ნაკლებია.

პანდემიის გავლენით შექმნილი მდგომარეობის გარდა, რა ფაქტორები უშლის ხელს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას - ამ საკითხზე BM.GE-ის საინვესტიციო საბანკო მომსახურების კომპანია Capital Locus-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ესაუბრა.

„ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სირთულეები არის“, - აცხადებს ავთანდილ გოგოლი.

Capital Locus-ის ხელმძღვანელი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით 3 ხელისშემშლელ ფაქტორს ასახელებს, რომელიც კერძო სექტორისთვის ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვასა და ინვესტორების შემოსვლას აფერხებს.

„საქართველოში მსხვილ კერძო კომპანიებს მყარ ვალუტაში არსებული ჭარბვალიანობის პრობლემა აქვთ. ხშირად ფინანსური ვალდებულებები უცხოურ ვალუტაშია, ლარის უწყვეტი გაუფასურება კი ერთი მხრივ, ამძიმებს ამ ფინანსური ვალდებულებების მომსახურების ტვირთს და ამავე დროს აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას, რადგან გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ძირითადი კომპონენტები იმპორტირებულია და შესყიდვა ვალუტით ხდება. შედეგად კომპანიებს ახალ საინვესტიციო პროექტებში რეინვესტირებისათვის ნაკლები თავისუფალი სახსრები რჩებათ.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, რაზეც ყველაზე მეტად საფიქრალია, არის სახელმწიფოს ვალი. ეს იმაზე მეტი საფრთხე და რისკია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვენი შემთხვევა უნიკალური არ არის. ბევრი განვითარებადი ქვეყანა ყოფილა მსგავს სიტუაციაში. უმეტესობამ ცუდად დაამთავრა, ნაწილმა კი ძალიან ცუდად. ვფიქრობ, უხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ვალების მოცულობა საქართველოს უმთავრესი საფრთხეა და აქ მხოლოდ ეკონომიკას არ ვგულისხმობ.

პოლიტიკოსებს რომ ვუსმენთ, სახელმწიფო ვალს მშპ-ს უფარდებენ და მიაჩნიათ, რომ 60% პრობლემა არ არის. პირველ ყოვლისა, ჩვენი სტატისტიკური მონაცემების ხარისხისა და სანდოობის გათვალისწინებით, რამდენია საქართველოს მშპ ღმერთმა უწყის; ინფლაციის მაჩვენებლისა და მშპ-ს მეთოდოლოგიის მცირე მანიპულაცია, უზარმაზარ განსხვავებას იძლევა მშპ-ს რეალურ ზრდასა და შესაბამისად მის აბსოლუტურ მონაცემებში. ამიტომ მშპ-ს ნაცვლად ის საზომი უნდა ავიღოთ, რომელიც მანიპულაციას არ ექვემდებარება. ეს არის საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი, რომელიც ყოვეწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი ლარის ფარგლებშია. ამ შემოსავლებით უნდა მოხდეს იმ 34 მილირადი სახელმწიფო ვალის მომსახურება, რომელზეც ყოვლად უპასხისმგებლო და ძალიან სახიფათო ფისკალური პოლიტიკით გავედით. ამ ვალების 80%-მდე დენომინირებულია დოლარსა და ევროში, საბიუჯეტო შემოსავლების 100% კი ლარშია. შესაბამისად, ლარის გაუფასურების გამო ვალის ვალუტაში შემოსავლები შეგვიმცირდა, ვალები კი ძალიან გაიზარდა. ეფემერულ მშპ-ზე დაყრდნობა ამ მძიმე რეალობას ვერ შეცვლის; 

მეორე ფაქტორი გაუფასურებული ვალუტაა - ჩვენი კომპანიების ძირითადი შემოსავალი ლარშია და ვალუტის სიმყარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უცხოელი ინვესტორის საწყისი კაპიტალი ევროში ან დოლარშია. საქარველოში ინვესტიცირებისას მათი ეს მყარი კაპიტალი მონეტირდება ლარში; როდესაც ეროვნული ვალუტა ყოველწლიურად 6%-7%-ით უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორის საწყისი ინვესტირებული კაპიტალი, დაახლოებით 10-12 წელიწადში ნახევრდება. ასეთი ვალუტის გარემოში გრძელვადიან ინვესტიციაზე ფიქრი ნებისმიერი ინვესტორისათვის ძალიან სარისკოა;
 
მესამე პრობლემა ინვესტირების პროცესში არსებული წარმოუდგენელი სახელმწიფო ბიუროკრატიაა. ელემენტარული საკითხების გადაწყვეტისას პროცესები ძალიან ფერხდება. განცხადებების დონეზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ინვესტორებისადმი უპირობო მხარდაჭერას გამოთქვამენ, სინამდვილეში კი, თუ მაგალითისათვის რეგიონში შეიძენ მიწას, რომელზეც ქარხანა ან სხვა საწარმო დანიშნულების შენობა უნდა ააშენო, თითქმის ერთი წლიწადია საჭირო, რომ ელემენტარული სამშენებლო ნებართვა აიღო.

ახალი ინვესტორი საქართველოში შემოსვლისას აქ არსებულ ინვესტორებს ესაუბრება და რეალურ გარემოს ეცნობა. ამიტომ ვფიქრობ, ბიუროკრატია, სახელმწიფო ვალი და ლარის კურსი - ეს ის სამი მთავარი ფაქტორია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს“, - განმარტავს Capital Locus-ის ხელმძღავნელი.

მისივე თქმით, პანდემიურ პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით უფრო მოქნილები გახდნენ. 

„კოვიდის პერიოდში საფინანსო ორგანიზაციებმა მდგრადი და კონკურენტუნარიანი კომპანიებისათვის, კრიზისული პერიოდის დაძლევის ხელშესაწყობად სპეციალური ფონდები შექმნეს. ფინანსური რესურსის არსებობა თავისთავად პრობლემა არ არის. მთავარი გამოწვევა ისეთი ბიზნეს პროექტებისა და კომპანიების იდენტიფიკაციაა, რომელთა კონკურენტუნარიანობა და დაფინანსების კომერციული მიზანშეწონილობა დასაბუთებადია. ამასთანავე, მფლობელებისა და მენეჯერების რეპუტაციას, გამოცდილებასა და სანდოობას, როგორც ყოველთვის, უპირველესი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ავთანდილ გოგოლი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები