მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი სწორედ IMF-ის შეფასებას აქცევს ყურადღებას - ლაშა ქავთარაძე

6488435135b2c
ლიკა მეგუთნიშვილი
13.06.23 15:06
898
Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMGtv-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობასა და ზოგადად ქვეყანაში IMF-ის მისიის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სავალუტო ფონდის შეფასება, ასევე ის პროგრამები, რასაც ისინი აქ ახორციელებენ. რადგან, ეს ყველაფერი არის ერთგვარი სახელმძღვანელო ინვესტორებისთვის, თუ რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ მათ საქართველოზე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ისეთი ინსტიტუციაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დიდი ნდობითაა აღჭურვილი. მათი ანალიტიკა, შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ თუ ის პროგრამები, რასაც ისინი საქართველოში ახორციელებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ინვესტორები შესაძლოა, ბრმად მიენდონ მას და შევიდნენ იმ ქვეყანაში, რომელზეც IMF იტყვის, რომ იქ მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და მას განვითარების პერსპექტივა აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ განსაზღვრონ, თუ რომელი ქვეყანაა მათთვის მიმზიდველი", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

ქავთარაძე ასევე აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა არ საჭიროებს რაიმე ფინანსურ დახმარებას, მაგრამ მათ IMF-ის პროგრამა სჭირდებათ. ეს საჭიროება კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ინვესტორი უპირველესად სწორედ IMF-ის შეფასებას აქცევს ყურადღებას.

„შესაძლოა, ჩვენ ფინანსურად საერთოდ არ გვჭირდებოდეს რაიმე პროგრამა, მაგრამ ეს არის ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება ინვესტორების მიმართ. ჯერჯერობით საქართველო უცხოურ ინვესტიციებსა და საგარეო შემოდინებებზე არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში წარმოების დონე კვლავ დაბალია და იმპორტდამოკიდებულები ვართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, IMF-ის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ნებისმიერი განცხადება საყურადღებოა“, - განაცხადა Galt&Taggart-ის ეკონომისტმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ გასული წლის ივნისში საქართველოს სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement) დაუმტკიცა, რომლის მოცულობაც 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. IMF-ის განმარტებით, პროგრამის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის ფისკალური ბუფერების შევსება, ფისკალური ჩარჩო წესების გაძლიერება, საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, საფინანსო სექტორის მდგრადობის განმტკიცება და მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები