მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა ტურისტებისთვის ე.წ კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო?- სადაზღვევო ასოციაციის პასუხი

602162b97b8d1
ანუკა ჯოხაძე
08.02.21 20:37
937
საქართველოში ტურისტებს შესაძლოა სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შეძენა მოუწიოთ. საკითხზე მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ იმის გამო, რომ სახელწმიფომ რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი არაერთხელ შეცვალა, ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

მას შემდეგ კი, რაც 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, საკითხი კვლავ გააქტიურდა. როგორც თავად სადაზღვევო სექტორი ამბობს, ისინი მზად არიან რომ ტურისტებს ისეთი სადაზღვევო პაკეტი შესთავაზონ, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მათ სამოგზაურო ხარჯებს არ გაზრდის.

მათივე განმარტებით, ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შეთავაზებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ქვეყანა ტურისტების მნიშვნელოვან ნაკადს მიიღებს.

„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი არ გამორიცხავს იმას, რომ ყველა ტურისტისთვის ე.წ კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო არ იყოს. როგორც ის ამბობს, გასული წლის ზაფხულში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მთავრობა განიხილავდა ვარიანტს, რომლის მიხედვითაც კოვიდ-დაზღვევის აღების ვალდებულება ტურისტს იმ შემთხვევაში მოეხსნება, თუ მას თავის ქვეყანაში მსგავსი დაზღვევა უკვე შეძენილი ექნება.

“მთავრობის სურვილი იყო, რომ ისეთი მიდგომა განხორციელებულიყო როგორიც ქართველებს გვიყვარს - არ შევაწუხოთ არავინ. შესაბამისად არ ყოფილიყო აბსოლუტური ვალდებულება ტურისტულ დაზღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტურისტს, რომელსაც ექნება სხვა ქვეყანაში გაცემული დაზღვევა იმ ლიმიტებით და საზღვრებში, რასაც ვითხოვთ საქართველოში, ის შემოვა სავალდებულო დაზღვევის გარეშე. ამ ინსტრუმენტის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვაყენებთ, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშაა ვინ გაარკვევს საზღვარზე როგორი დაზღვევა აქვს ტურისტს. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან ტურისტების უმეტესობა ისეთი ქვეყნებიდან შემოდის, სადაც მაღალი სტანდარტები სამოგზაურო დაზღვევის არ არის", - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა და ცნობილია წესებიც, რითაც უცხოელი ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას შეძლებენ. კერძოდ, საუბარია ორი სახის დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ვიზიტორებს საქართველოს სტუმრობა შეეძლებათ.

პირველი - კოვიდ-ვაქცინის სრული 2 დოზის ჩატარების შესახებ დოკუმენტი და მეორე - ბოლო 72 საათში პისიარ ტესტის პასუხი, რომლის შემდეგაც ვიზიტორი ვალდებული იქნება თავისი სახრებით განმეორებითი ტესტი შემდეგი სამი დღის განმავლობაში საქართველოში არსებულ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები