საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში, დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას და ა.შ.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს განხილული საკანონმდებლო ინციატივები საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.
„საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.