მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: მიუხედავად გამოწვევებისა, ხულო-ზარზმის გზაზე 10 კმ-მდე მონაკვეთზე წელს ასფალტის საფარი მოეწყობა

63871f936c1cd
BM.GE
30.11.22 13:16
632
„მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის, მეწყერებთან დაკავშირებული გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კილომეტრამდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას. კარგი პროგრესი გვაქვს ხელოვნურ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკვე მომდევნო წელს პროექტი დასრულდეს და ასფალტის საფარით უზრუნველყოფილი ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანესი გზა შევიდეს ექსპლუატაციაში,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პროექტი ისტორიულია, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც მაღალმთიან აჭარას, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.

ბესიკ ამირანაშვილის შეფასებით, სამუშაოები ადიგენის მხარეს აქტიურად მიმდინარეობს. 5 კმ-მდე გზის მოწყობა უკვე დასრულებულია და სამუშაოები გაგრძელდება კლიმატური პირობების შესაბამისად. მისი თქმით, ხულო-ზარზმის გზა ორივე რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს და რეგიონებს ტურისტულად კიდევ უფრო დატვირთავს.

47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია კი, ხელს შეუწყობს ორი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განახლებული გზა ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც.

ხულო-ზარზმის გზის პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო მერე და მესამე მონაკვეთებზე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები