„რეალურ ეკონომიკასთან ამას კავშირი არ ჰქონდა, ეს დაკავშირებული იყო წინასწარ შექმნილ ცრუ მოლოდინებთან", - ასე განმარტა „ანალიტიკაში" სტუმრობისას ISET-ის ასისტენ-პროფესორმა თეიმურაზ გოგსაძემ ლარის 13%-იანი გაუფასურება და შაქართან მიმართებით არსებული დეფიციტი, რაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
„არაორდინალურ პირობებში გვიწევს ცხოვრება. ჯერ პანდემია, შემდეგ უკვე რეგიონში არსებული კრიზისი, საომარი მდგომარეობა, ეს მომხმარებელში ქმნის მღელვარებას, გაურკვევლობასა და შიშს. მითუმეტეს, როდესაც საზოგადოებაში ყალიბდება შეხედულება, რომ სიტუაცია არის კონტროლს მიღმა გასული და ხელისუფლებები ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, ინდივიდებს უჩნდებათ მოთხოვნილება, თავად აიღონ ხელში კონტროლის გარკვეული ნაწილი და მომარაგებული საკვები პროდუქტებით გარკვეულწილად თავი დაიმშვიდონ. შედეგად ძალიან მცირე დროში ხდება კოლაფსი და დახლები ცარიელდება", - აღნიშნა თეიმურაზ გოგსაძემ.
მისივე თქმით, ხელოვნურად ფასების მანიპულირებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის პროგნოზირება და დროულად ინფორმაციის ქონა.
„გრძელვადიანი პრობლემის თავიდან ასარიდებლად, სახლემწიფო ორგანოების მიმართ საჭიროა ნდობის ამაღლება, ინფორმაციული კამპანიები, განათლება და ადამიანების კულტურა,რაც ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რამდენად პროსოციალურია ჩვენი ქცევა და გადაწყვეტილების მიღების დროს რა წილი უჭირავს ეგოისტურ ძრახვებს", - განაცხადა თეიმურაზ გოგსაძემ.
შეგახსენებთ, რომ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ბაზარზე აჟიოტაჟური ქცევით ხსნის. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომისა და ეკონომიკური სანქციების გამო არსებობს მოლოდინი, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება, ამიტომ მოქალაქეები და ბიზნესი მას სხვა ვალუტაში აკონვერტირებენ, რაც ეროვნულ ვალუტას ზედმეტად აუფასურებს. ქცევა და ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა ბაზარზე საკვებ პროდუქტებზეც ახდენს გავლენას.