მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისლანდიაში Covid-გადატანილებს შეზღუდვების გარეშე უშვებენ

5fd1153a5c7c4
მარიამ ადამია
10.12.20 00:15
1396
გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის საკმაოდ წარმატებით მართვის შემდეგ, ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ზაფხულში ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა და უკვე ივნისის შუა რიცხვებიდან იქ მოგზაურობა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის სრულად შესაძლებელი გახადა. ცხადია, ამოწმებდნენ ყველა ჩამსვლელს და ტესტავდნენ კოვიდ-19-ზე, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კარანტინის გარეშე უშვებდნენ, ხოლო დადებითი პასუხის მქონე პირებს 14 დღე იზოლაციაში ტოვებდნენ.

თუმცა, როგორც Business Insider-ი წერს, მოსალოდნელი მეორე ტალღის გამო, ისლანდიამ უკვე აგვისტოს ბოლოდან გაამკაცრა შეზღუდვები და ასევე ტურისტების შემოდინებაც სხვადასხვა ხერხით შეაფერხა. მოგვიანებით, ეს შეზღუდვები ისევ დაკორექტირდა და დღევანდელ რეალობამდე ისლანდიაში ჩასულ მოქალაქეებსა თუ ტურისტებს უწევთ არჩევანის გაკეთება 14-დღიან კარანტინსა და კოვიდ-ტესტის გაკეთებას შორის, რომელიც თავის მხრივ 5-დღიან იზოლაციას გულისხმობს.

ასე მოვიდა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა კოვიდ-ინფექციის მართვის თვალსაზრისით, სადაც 10 დეკემბრიდან ისევ ცვლილებებზე და ახალ მოდელებზე იწყებენ მუშაობას. მაშ ასე: ვისაც კორონავირუსი გაქვთ გადატანილი და ამის დამამტკიცებელი საბუთი მოგეპოვებათ, ყველას, ისლანდია დიდი სიხარულით შეგიშვებთ და გიმასპინძლებთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ჯანდაცვის ორგანოების მოსაზრებებს, არგუმენტებსა და მტკიცებულებებს იშველიებენ, რომლის თანახმადაც, ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ვირუსული დაავადება გადატანილი, აღარ არიან საშიში სხვებისთვის და გავრცელების შანსები ფაქტობრივად განულებულია. მართალია, ექსპერტები თანხმდებიან, რომ რეინფიცირება იშვიათია და რომ COVID-19 პაციენტთა უმეტესობას უვითარდება გარკვეული სახის იმუნიტეტი, ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი, ამიტომაც ისლანდიას არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, სიახლე უკვე ძალაში შევა 10 დეკემბრიდან და როგორც ჩანს კოვიდ-ინფექციის გადატანასაც, თავისი დადებითი ეფექტები აქვს, უამრავი უარყოფითის პარალელურად.

ამ გზით კი, ნელ-ნელა ამოქმედებას დაიწყებს როგორც ავიაციის სექტორი, ასევე ტურიზმი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს ისლანდიაში, მიუხედავად ინფიცირებულთა შემცირებული სტატისტიკისა, მაინც კორონავირუსის რიგით მესამე ტალღას ებრძვიან. ამიტომაც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინფექცია გადატანილი და თან მოგზაურობას გადაწყვეტენ ისლანდიაში, ქვეყანა მათ 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით უფასო ტესტირებას სთავაზობს. ასე უსაფრთხოებასაც შეინარჩუნებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ ტურისტების შემოდინებით.

რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დათვლებით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 350 734-ია, ჯამში 5 392 ინფიცირებული ჰყავს და აქედან 26-ია მხოლოდ გარდაცვლილი. პარალელურად, დახურულია ბარები და კლუბები, ხოლო რესტორნები საღამოს 9 საათის შემდეგ აღარ მუშაობენ. ასეთია კოვიდის მართვის ისლანდიური მეთოდები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები