მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აგვისტოს ბოლოდან ექნებათ

64ae43fb37f34
BM.GE
12.07.23 10:15
987
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მინისტრმა იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების იტალიური ენის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

„ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ევროპული ენების, მათ შორის, იტალიური ენის გაძლიერება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენი გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. ჩვენ, იტალიის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის გაძლიერების მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, 2023 წლიდან „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა აქვთ. იტალიური ენის ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა. იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

იტალიური ენის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება, საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს ძალისხმევითა და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო ორგანიზაცია მინერვასთან თანამშრომლობით დაიწყო.

ცნობისთვის, ამ დრომდე მხოლოდ ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებს შეეძლოთ საგნის გამოცდის ჩაბარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები