მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გამარტივება იგეგმება

5e4ea4d3702d5
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 19:30
1279
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყება მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გამარტივებაზე მუშაობს. სამსახურის ცნობით, სტანდარტში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე მზად არის და დაინტერესებულ პირებს მასში კომენტარების/რეკომენდაციების გაკეთების შესაძლებლობა 2020 წლის 15 ივნისამდე შეეძლებათ. 

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება:

"2020 წლის თებერვალში, სამსახურთან შექმნილმა IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ინტერპრეტაციების კომიტეტმა განიხილა გარკვეული საკითხები, რაც განახლებას ან გამარტივებას საჭიროებს და სტანდარტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. განხილვის პროცესში კომიტეტმა ევროპელი ექსპერტების წინადადებებიც გაითვალისწინა (აღნიშნული წინადადებები დაძმობილების პროექტის ფარგლებში შემუშავდა იმ მიზნით, რომ ნორმატიული აქტი ევროდირექტივით განსაზღვრულ, მიკრო საწარმოების ფინანსური აღრიცხვის გამარტივებულ პრინციპებთან იყოს მაქსიმალურ თანხვედრაში). 

სამსახური მიიჩნევს, რომ IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც დინამიურად უნდა ვითარდებოდეს სფეროში არსებული ძირითადი თავისებურებების და გამოწვევების დროული გამოვლენის და ასახვის გზით. სწორედ ამიტომ, სტანდარტის განახლების პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მისი განახლებული ვერსია, შესატანი ცვლილებების მითითებით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამსახურის ვებგვერდებზე განთავსდა. 

გთხოვთ ეწვიოთ ზემოთ მოცემულ ბმულს და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება როგორც ცვლილებების, ასევე ძირითადი დებულებების შესახებ - მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@reportal.ge (საგნის ველში მიუთითეთ: “IV კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი: განყოფილება, მუხლი“). კომენტარების შეგროვება დასრულდება 2020 წლის 15 ივნისს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საბუღალტრო და აუდიტორული მიმართულებით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (სდპ) საკუთარი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება დაუწესდათ. 

2019 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ვებგვერდ reportal.ge-ზე 3,614 კომპანიის ანგარიშგება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, საშუალოდ გასული წლის განმავლობაში ანგარიშგების წარდგენის მაჩვენებელმა 90% შეადგინა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები