მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ივანიშვილის სატელეფონო სამართალი სათანადოდ ვერ ფასდება” - ინტერვიუ რობერტ ამსტერდამთან

64b106833efe1
ელენე კვანჭილაშვილი
14.07.23 12:25
4076
BMG-იმ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან, Amsterdam & Partners-ის მმართველ პარტნიორთან რობერტ ამსტერდამთან ინტერვიუ ჩაწერა.- 

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო აქვს შეფარდებული.

მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

რობერტ ამსტერდამი ამბობს, რომ ამ დავას შინაარსი არ გააჩნია, რადგან ის მთლიანად მართულია ბიძინა ივანიშვილის ‘სატელეფონო სამართლით’ და კონსპირაციების თეორიებში რწმენით.

ელენე კვანჭილაშვილი: მოდი, ჩვენი საუბრისთვის ტონის მისაცემად, შეჯამებით დავიწყოთ – თქვენ შეგვიჯამეთ ყველა ის მთავარი აქცენტი, რაც გიორგი ბაჩიაშვილის საქმის შესახებ თქვენგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ და აგვიხსენით, რა არის მთავარი არგუმენტი იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი უდანაშაულოა...

- ყველაფერი ძალიან მარტივია. ვერცერთ სხვა ქვეყანაში პროკურორი ვერ შექმნიდა ისეთ ქაოსს, როგორც ეს დღეს არის შექმნილი საქართველოში. ბატონ ივანიშვილს უბრალოდ სჯერა, რომ შეუძლია დაურეკოს პროკურორს და მისი მეშვეობით, ბრალი წაუყენოს ნებისმიერს, ნებისმიერი მოტივით. ამ საქმეს ლოგიკა არ აქვს. ეს ცხადი ხდება თუნდაც მხოლოდ იმ დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზეც, რაც ჩემს კლიენტს აქვს საქმესთან დაკავშირებით. გამოდის, ივანიშვილს სჯერა, რომ თუ მისი სესხის საფუძველზე ვინმე მოგებაზე გავა, ეს მოგება უნდა გაანაწილოს, თუ წააგებს – თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი. საქმეს ლოგიკა არ გააჩნია. ჩემს კლიენტზე თავდასხმა როგორც ჩანს მოტივირებულია იმით, რომ ივანიშვილი არ ურიგდება ჩემი კლიენტის რწმენას დასავლურ ღირებულებებში. ეს გამოჩნდა ინსტაგრამის იმ პოსტში, რომელიც ჩემმა კლიენტმა გამოაქვეყნა საქართველოში რუსეთის შემოტევის შემდეგ. როგორც ჩანს, ეს აღიქვა ივანიშვილმა როგორც საპირისპირო საკუთარი რწმენის, რომ "კრედიტ სუისთან" მისი პრობლემების უკან დასავლეთი იდგა. ამ ქეისის გადაჭრაში ჩემმა კლიენტმა, სხვათა შორის, უდიდესი წვლილი შეიტანა.

ელენე კვანჭილაშვილი: ჩემი დაკვირვებაც ეს არის, თითქოს თქვენი დაცვის ხაზი გადის უფრო პოლიტიკურ მოტივაციაზე, ხოლო ივანიშვილის დაცვის ხაზი – უფრო ბიზნესხაზია – უკვე ახსენეს თანაინვესტირების ფონდის სხვა პროექტებიც – იგივე მტკვარი ჰესის და ამით გაამართლეს ის რვაწლიანი დაგვიანება, რის შემდეგაც, გაცოცხლდა უკვე კონკრეტულად ბიტკოინების მიმართულებით გიორგი ბაჩიაშვილის საქმე...

- სხვა ბრალდებები – მათ შორის, გვირაბთან დაკავშირებული საკითხები – სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილი ფონდის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული – არცერთ ამ დამატებით ბრალდებას საქმესთან საერთო არაფერი აქვს. ვერ ვხვდები, რა მოლოდინი აქვთ ან პროკურორს, ან ბატონ ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ხალხი, როცა ამ ბრალდებებს ისმენს. ბატონი ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს ბრალდებებზე და შემდეგ მას მთავრობის წევრები ეხმაურებიან – მთავრობის ერთმა წევრმა სიტყვა ღალატიც კი ახსენა – ეს ყველაფერი უბრალოდ სასაცილოა.

გიორგი ისაკაძე: პერსონალურად თუ იცნობთ გიორგი ბაჩიაშვილს. ბევრს საუბრობთ მასზე. მას აღწერთ, როგორც ღირსების მქონე დასავლური ღირებულებების მატარებელ ადამიანს – ჩემი კითხვაა: რა სიტუაციაში გაიცანით გიორგი ბაჩიაშვილი, რა ვითარებაში შეხვდით ერთმანეთს და რა არის თქვენი პირადი დამოკიდებულება გიორგის მიმართ.

- გულწრფელად რომ გითხრათ, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს საქართველოსთან. დიახ, შევხვედრილვარ. მასზე გაგონილი მქონდა აუარება საერთო მეგობრებისგანაც.

გიორგი ისაკაძე: ახსენეთ, რომ საქართველოსთან კავშირი ადრეც გქონიათ. შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ?

- წლების წინ ვიმუშავე ერთ–ერთ სააგენტოსთან. ომის წინა პერიოდი იყო. საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი საქართველოში და რამდენიმე მათგანთან დღემდე შევინარჩუნე ურთიერთობა. ამდენად, ჩემი პირველი შეხება საქართველოსთან 15 წლის წინ იყო. რეგიონთან ჩემი ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის. დიდი დრო მაქვს გატარებული საქართველოში, რუსეთში, რეგიონის სხვა ქვეყნებში.

გიორგი ისაკაძე: დიახ. ჩვენც გვქონდა ეგ ინფორმაცია. სწორედ ამიტომ ჩემი შემდეგი კითხვა იქნება – იცნობთ თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილს ან იქნებ, მასზე თქვენი დიდი ხნის კლიენტისგან მიხაილ ხადარკოვსკისგან გსმენიათ.

- მინდა სრულიად ცალსახად ვთქვა, მე ვერ ვხვდები, რატომ იქცევა ბატონი ივანიშვილი ისე, როგორც იქცევა. ივანიშვილის პერსონა არასდროს განმიხილავს ხადარკოვსკისთან. ასე არც არასდროს მოვიქცეოდი. მიშასთან ბევრი წელია აღარ მქონია შეხება. როდესაც საუბრობ ივანიშვილზე საქართველოში – ყველაფერი საჯაროა. სახელმწიფოს მიტაცება – ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ევროკავშირის დოკუმენტებში; საერთოდ რომ თავი დავანებოთ ინდივიდუალურ საუბრებს, სადაც ივანიშვილს ახსენებენ.

გიორგი ისაკაძე: და პრინციპში მეტი კერძო წყარო არც გჭირდებათ ..

- არაფერი – რაც ივანიშვილის ურთიერთობას ეხება პროკურორებთან თუ მოსამართლეებთან – ახალი არ არის. ციტირებადია. ევროკავშირის დოკუმენტები არსებობს, ევროკავშირის მაღალჩინოსნების კომენტარებია, წლების მანძილზე ნაგროვები კომენტარები.

ელენე კვანჭილაშვილი: მაშინ, ბატონო რობერტ თქვენთან ასეთი კითხვა მექნება: მუდმივად ხაზს უსვამთ ივანიშვილის დიდ გავლენას საქართველოში და ალბათ ისიც იცით, რომ მაინინგის ბიზნესის წარმოება საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მარტივი იყო – მათ შორის, ელექტროენერგიაზე დაბალი ფასების და არსებული შეღავათების პირობებში ..

- არა. ვერ დაგეთანხმებით. თუ შეხედავთ ესტონეთს ან სხვა ქვეყნებს, ნახავთ, რომ ის პირობები, რაც საქართველოს ჰქონდა, არც ისე იშვიათი და არაჩვეულებრივია. ქვეყნები ყველა ძალას ხმარობენ იმისთვის, რომ ამ ტიპის ინვესტიცია მოიზიდონ და ამას არ აქვს არანაირი კავშირი იმ საქმესთან, რომელსაც დღეს ვიხილავთ.

ელენე კვანჭილაშვილი: ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით მაინც ვიდავებდი თქვენთან, მაგრამ კარგი, მხოლოდ საქართველოს შევხედოთ. ჩემი შეკითხვა სხვა რამეს ეხება: როგორ ფიქრობთ, ეს რომ მხოლოდ ბაჩიაშვილის ბიზნესი ყოფილიყო და არა – ივანიშვილის, მიიღებდა გიორგი ბაჩიაშვილი ყველა იმ შეღავათს, რაც მაინინგს უკავშირდება საქართველოში?

- მეც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ ტიპის შეღავათები დამახასიათებელია ამ ბიზნესისთვის კანადაში, ესტონეთში, ფინეთში, გერმანიაში – უბრალოდ შეხედეთ რამდენი მილიარდი გადაულოცა გერმანიამ ილონ მასკს აკუმულატორების ქარხნისთვის. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამდენად, ვერანაირ კავშირს აქ მე ვერ ვხედავ.

ელენე კვანჭილაშვილი: მაშინ გეტყვით, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – ის ამბობს, რომ სესხის გაღებით, მაინინგის ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა რისკი საკუთარ თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო; ბიზნესი საკმაოდ რისკიანი იყო და რეალურად ერთადერთი ინვესტიცია მაშინ ეს სესხი იყო – ამდენად, ბაჩიაშვილი ვერ ჩაითვლება ინვესტორად, მხოლოდ – შემსრულებლად. რას ფიქრობთ ამ არგუმენტზე – უძლებს თქვენს კრიტიკას?

- არსებობს სესხის დოკუმენტი. სესხია. წერტილი. როდესაც საუბარი მიდის სისხლის სამართლის დანაშაულზე, რაზეც ივანიშვილი აპელირებს, მისი არგუმენტები სუსტია, რადგან შესაძლოა მან ისე ვერ დაინახა ინვესტიციის სარგებელი, როგორც ეს ჩემმა კლიენტმა დაინახა და უცებ ეს შემოატრიალა, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნა. არაფერს, რასაც თქვენ მეკითხებით ან რასაც ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, კავშირი არ აქვს სისხლის სამართალთან. თუ ეს ბიზნესის თემაა – მაშინ საერთოდ სხვა რამე გამოდის. მაგრამ არა – ივანიშვილმა ბრალი წაუყენა ჩემს კლიენტს და ამის გამო, შესაძლოა, ჩემი კლიენტი ციხეში აღმოჩნდეს. ერთი სატელეფონო ზარის გარეშე. საქმესთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც, 8 წელი გავიდა. ამ ინდივიდის ამ საქციელით მთელი საქართველო შეძრწუნებული უნდა იყოს. შოკის მომგვრელია. აი, ეს არის შოკისმომგვრელი და არა ის, მისი ადვოკატი რომელ ახალ არგუმენტს მოიგონებს, რომ როგორმე გაამართლოს ეს ამაზრზენი ბრალდებები.

ელენე კვანჭილაშვილი: კიდევ ერთი შეკითხვა: ადამიანები, რომლებიც ახლოს იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან – მაგალითად, მისი ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი – ამბობენ, რომ ამ ბრალდებებით ბიძინა ივანიშვილმა დამარხა ლეგენდა საკუთარ თავზე – რომ მას არ აინტერესებს ბიზნესი საქართველოში, რომ ის მხოლოდ ფილანტროპი და ქველმოქმედია – იმიჯი, რომელსაც ძალიან დიდი რუდუნებით აშენებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, გიორგი ბაჩიაშვილის კომენტარები უკრაინის ომზე, ან დასავლურ ღირებულებებზე შესაძლოა ყოფილიყო იმდენად ძლიერი მოტივაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეტოვებინა კომფორტის ზონა და დაეთმო ქველმოქმედების ჩრდილი, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ეფარებოდა?

- ისეთი წარმატებული კაცი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ბოროტად იყენებს სახელმწიფო ძალაუფლებას იმისთვის, რომ იერიში მიიტანოს ინდივიდზე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ბოროტების და სიხარბის მოტივაციებით – არ მიმაჩნია, რომ ქველმოქმედი და ივანიშვილი საქართველოში ერთ სიბრტყეზე განსახილველი ტერმინებია.

გიორგი ისაკაძე: ბატონო რობერტ, სერ, ჩემი შემდეგი კითხვა ეხება ისევ გიორგი ბაჩიაშვილს – თქვენ გაქვთ ნათქვამი თქვენს ტვიტერზე რომ პროკურატურა, როგორც ერთი კაცის სააგენტო ისე იქცევა – სულ რამდენიმე წლის წინ, თქვენი კლიენტი ივანიშვილის ფონდის – თანაინვესტირების ფონდის ნაწილი იყო. გიორგი, ვისაც პირადად ძალიან კარგად ვიცნობთ, ივანიშვილის სისტემის ნაწილი იყო. რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს, რომ სულ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ აძლევდა ჩვენებას კრედიტ სუისის წინააღმდეგ – ამ ამბავსაც დეტალურად მივყვებოდით ჩვენ – ეს ფაქტებიც გვაქვს, მაგრამ ალბათ მაინც გასათვალისწინებელია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ნაწილი იყო, როგორც CEO და როგორც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, ამ დრომდე ..

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ ინდივიდი თავის მოვალეობას წარმატებით ასრულებს და წარმატებით ახერხებს ივანიშვილს ფულის დაბრუნებაში დაეხმაროს – ეს მოხდა სწორედ კრედიტ სუისის საქმეში და აქედან ივანიშვილი მხოლოდ მოგებული გამოვიდა – მე შემიძლია მხოლოდ შევაქო გიორგი ბაჩიაშვილი, რომ ფულის ამოღებაში დახმარება შეძლო. გახსოვთ, როგორი ამაზრზენი იყო მაშინ კრედიტ სუისის იმ ინდივიდის საქციელი, რომელმაც თავი მოიკლა. ასეთ ვითარებაში გიორგი ბაჩიაშვილს მხოლოდ შექება ეკუთვნის. ეს ვერანაირად ვერ შეედრება იმ გადაწყვეტილებას, რომ პროკურორი აიძულო ბრალი წაუყენოს ადამიანს მიზეზებით, რომლებიც დღემდე აუხსნელია. ამ ორ მოვლენას შორის სიმეტრია სრულიად დარღვეულია.

ელენე კვანჭილაშვილი: შევეცდები, გიორგის დაწყებული ხაზი გავაგრძელო. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ დასავლურმა ღირებულებებმა, უკრაინის ომთან დაკავშირებულმა განცხადებებმა გიორგი ბაჩიაშვილი აქციეს ბიძინა ივანიშვილის სამიზნედ. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემს გარშემო ძალიან ბევრს გაუკვირდა თქვენი სულ პირველი განცხადება – როდესაც საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეთ, რადგან გიორგი ბაჩიაშვილისგან ბიძინა ივანიშვილის ან მისი პოლიტიკის თუ საქმიანობის კრიტიკა არავის ახსოვს .. დახურულ კარს მიღმა იყო თუ რა ხდებოდა?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს თავად ტერმინი – პოლიტიკური დევნა და როგორ განმარტავს ამ ტერმინს ევროპის საბჭო და სხვები. სამწუხაროდ, თქვენ ამ მოცემულობას იურიდიულად არ აფასებთ. იმისთვის, რომ პოლიტიკური მძევალი იყო – როგორც დღეს გიორგი ბაჩიაშვილია – პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი უნდა იყო. ფაქტია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს აქვს რესურსი, რამაც შესაძლოა ის ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტად აქციოს. და რადგან ბაჩიაშვილი ამ რესურსს იყენებს, ომზე კომენტარებით, იმის კომენტირებით, რომ კრედიტ სუისის დავის კონტექსტში ივანიშვილს სჯერა დასავლური კონსპირაციის, ბაჩიაშვილი ივანიშვილისთვის უკვე პოლიტიკური ოპონენტია – ოპონენტი ღირებულებებში, რომლებითაც მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ივანიშვილის ღირებულებებთან. არ არის საჭირო პოლიტიკური პარტიის წევრი იყო იმისთვის, რომ პოლიტიკურ მსხვერპლად იქცე. მგონია, რომ სწორედ ეს გაუგებრობა არსებობს ადამიანებში. მე წარმოვადგენ ბევრ პოლიტიკურ ლიდერს აფრიკაში – ბობი ვაინს და კიდევ ბევრს – რომლებსაც დევნიან იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ იმისთვის, რომ იყო პოლიტიკური მძევალი თუ პოლიტიკური მსხვერპლი – არ გჭირდება პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პოლიტიკაში ჩართულობა. საკმარისია, თუ შენ ძალაუფლების მქონენი ფორმალურად თუ არაფორმალურად პოლიტიკურ საფრთხედ ჩაგთვლიან. ცალსახად, სწორედ ასეთი იყო გიორგის აღქმა.

ელენე კვანჭილაშვილი: დავაზუსტებ ბატონო რობერტ – თქვენ პრაქტიკულად ამბობთ, რომ როცა გიორგი ბაჩიაშვილი ფინანსურად მოძლიერდა და როდესაც მისი შეხედულებები ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს დაშორდა – სწორედ მაშინ დაიწყო ივანიშვილმა ეს პროცესი და რომ ამ რვა წელს არავითარი ბიზნესგამართლება არ შეიძლება ჰქონდეს – სწორად გავიგე?

- დიახ. ასეა. მართალი ხართ.

გიორგი ისაკაძე: ამდენად ეს არ არის ბიზნესვენდეტა, ეს პირადი შურისძიებაა, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ ეჭვებს და პოლიტიკურ თეორიებს, კონსპირაციებს – მართალი ვარ სერ?

- დიახ. ვფიქრობ, თქვენც მართალი ხართ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამაზე მეტიც არის. ამ შემთხვევაში, პროკურორების როლი არ არის სათანადოდ გამოკვეთილი და ივანიშვილის სატელეფონო სამართალი სათანადოდ ვერ ფასდება. ვფიქრობ, ივანიშვილს პროკურატურასთან ცხელი ხაზი აქვს ისე, როგორც ეს ძალიან ცოტა ქვეყანაში მინახავს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილების მიუხედავად, არასდროს მინახავს კერძო ინდივიდს ამხელა გავლენა ჰქონდეს პროკურატურაზე. რუსეთში კი ბატონო – ყოფილა სატელეფონო სამართალი, ფულის სამართალი – როცა ყველაფერი კონტროლზე იყო აყვანილი. მაგრამ პუტინი პოლიტიკური ლიდერი იყო – ამ შემთხვევაში, ივანიშვილი – არც ეს არის. მისი ქცევა უფრო თავდასხმაა და ვერ ვხვდები, როგორ უნდა ეპატიოს ეს ქცევა ივანიშვილს აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომის ფონზე საქართველოში, თუმცა – არა საქართველოს გარეთ.

ელენე კვანჭილაშვილი: ბოლო კითხვა ალბათ, რომ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ დიდ მადლობა გიხდით თქვენი დროისთვის და ღია საუბრისთვის. ერთ–ერთ ტვიტში თქვენ ასეთ რამეს წერთ – უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ძალიან უარყოფითი სიგნალია კანონის უზენაესობისთვის და ინვესტიციებისთვის – ბიზნესმედია ვართ, ეს ასპექტიც გვაინტერესებს, ამიტომ მოვისმენდით თქვენგან ამ ანალიზს და ამით დაგემშვიდობებით.

- არაფერი აღელვებს ინვესტორს ისე, როგორც იმის დანახვა, თუ როგორ არის ბოროტად გამოყენებული სამართლის სისტემა. გიორგი ადგილობრივი ბიზნესმოთამაშეა. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ის ამ ტიპის სამიზნე გახდა, ბრალდებებით, რომლებიც გულწრფელად რომ ვთქვათ ვერანაირ მოკვლევას, შემოწმებას ვერ უძლებს – ზუსტად ამიტომ სჭირდებათ გვირაბის გახსენება და კიდევ ბევრ რამეს გაიხსენებენ – მე ასაკში ვარ – ბრეჟნევის დრო მახსოვს – დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა ახლა ზუსტად იცის, რომ ვერავის დაარწმუნებს თავისი ბრალდებით და ამიტომ დამატებით უნდა მოიფიქროს რამე – მაგრამ როცა ხალხი ამას უყურებს, ამ ქაოსს, რომელმაც უნდა გასვაროს ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული ანტრეპრენერი – ეს მხოლოდ უარყოფითი სიგნალია. ეს მხოლოდ დაუსჯელობის სინდრომის, ხელშეუხებლობის დემონსტრირებაა. ყველას შევახსენებდი რომ რამდენიმე ბიზნესქეისში, რომლის მონაწილეც ვიყავი, მათ შორის, ეს ეხება ხადარკოვსკის ქეისსაც – რა დაემართა რუსეთს, რომელმაც დევნა მოუწყო ხადარკოვსკის – შეხედეთ მის ეკონომიკას, შეხედეთ რა დაემართა ამ ქვეყანას. საშინელებაა. ქართული ბიზნესი უნდა გამოფხიზლდეს და მოითხოვოს ამ ტიპის მართლმსაჯულების შეწყვეტა. საბოლოო ჯამში, პროკურორები სამოქალაქო მოხელეები არიან, რომლებმაც უნდა დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია – ეს მათ ვინმემ უნდა შეახსენოს. ბიზნესსაზოგადოებამ უნდა შეახსენოს მათ, დღეს გიორგია, ვინ იქნება ხვალ? ვინ იქნება შემდეგ? ეს არის სიგნალი, რასაც უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები მიიღებენ ამ საქმიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები