მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივერთუბანში ახალი პარკის გახსნას მერია შემოდგომის ბოლოსთვის გეგმავს - პროექტის ღირებულება ₾1.2 მლნ-ია

62f4dcfe492b7
BM.GE
11.08.22 14:40
1795
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვ.მ. ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილე ანდრია ბასიალაიამ მოინახულეს.

როგორც მერის მოადგილემ ლაივ ჩართვისას განაცხადა, პარკის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ოქტომბერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდება. „ოქტომბრის ბოლოს ამ სივრცის გასახსნელად მზად ვიქნებით. წლის ბოლოსთვის აქ ძალიან კარგი მოსასვენებელი სივრცე იქნება მოწყობილი“, - განაცხადა ბასილაიამ.

კახა კალაძის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა.

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ხორციელდება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული სივრცე იყოს მოწესრიგებული და გამწვანებული. აქ, დაახლოებით, 1 100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავიანთი შვილები, შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ, დაასვენონ და გაერთონ. ძალიან კარგი პროექტია - ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონი. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ. გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყო სატუმბი სადგური, რათა წყალარინების ქსელი ყველანაირად მოწესრიგებული ყოფილიყო. პროექტი სრულდება, პარალელურად კი მიმდინარეობს დაქსელვა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პრობლემაც მოეხსნებათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბავშვო ბაღის მშენებლობა და ყველა ის დაპირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან გავეცით, ზედმიწევნით შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები