ივლისიდან, შესაძლოა, ლიეტუვამ საზღვრები საქართველოსთან და უკრაინასთან გახსნას. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
"ვაპირებთ საზღვრების გახსნას შენგენის ზოგიერთ ქვეყანასთან 1 ივლისიდან, მაგრამ ეს არ იქნება მასიური, უწესრიგო გახსნა. იმედი გვაქვს, ფრენებს განვაახლებთ საქართველოსთან, უკრაინასთან და ასევე, ისრაელთან, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისრაელში ამჟამად მდგომარეობა გაუარესებულია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაადასტურა, რომ ქვეყანა ფრენების განახლებას არ გეგმავს დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, ასევე, ლიტვაში ჩასვლას ვერ შეძლებენ პორტუგალიის და შვედეთის მოქალაქეები. მინისტრის განცხადებით, ლიტვა გადაწყვეტილებას იღებს კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას უკვე განახლებული აქვს მიმოსვლა ლატვიასთან და ესტონეთთან. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 15 მაისს შექმნეს „ბალტიის ბუშტი“, რომელიც ამ ქვეყნებთან თავისუფალ მიმოსვლას გულისხმობდა.