მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ქუთაისის აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ქუთაისის აეროპორტი საღამო

ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 189 166 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როცა 2019 წლის ივლისში 84 728-მა მგზავრმა ისარგებლა.

"მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა",- აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

2023 წლის 1-ლი ივნისიდან WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს კი ქუთაისის აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები