მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ტურიზმიდან შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

62fa007577020
ნინო ტაბატაძე
15.08.22 13:01
1350
7 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 87.4%-ით აღდგა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.618 მლრდ დოლარი შეადგინა, 2019 წლის ამავე პერიოდში კი, 1.851 მლრდ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივლისი პირველი თვეა, როდესაც ტურიზმიდან შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. მხოლოდ ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 476.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 80.7 მლნ-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (395.4 მლნ).

ტურიზმიდან შემოსავალი თვეების მიხედვით:

• იანვარი - 114 მლნ დოლარი
• თებერვალი - 105.2 მლნ დოლარი
• მარტი - 174.5 მლნ დოლარი
• აპრილი - 188.6 მლნ დოლარი
• მაისი - 258.6 მლნ დოლარი
• ივნისი - 301.7 მლნ დოლარი
• ივლისი - 476.1 მლნ დოლარი

ბოლო თვეების დინამიკის გათვალსიწინებით, "გალტ ენდ თაგარტი" ელის, რომ  2022 წელს ტურიზმის შემოსავლების სრულად აღდგენაა მოსალოდნელი 2019 წლის დონესთან მიმართებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით კი, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ - 2019 წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვებს 52.8%-ით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 47.2%-ით არის აღდგენილი.

ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 7 თვეში 1 668 983 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები