მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყალთოში 3-სართულიანი სასტუმრო 5,9 მლნ-ად იყიდება - მიზეზი კრედიტი და პანდემიაა

602ffc9705223
თამთა ჯიჯავაძე
20.02.21 00:00
5603
თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 3-სართულიანი სასტუმრო იყიდება - მიზეზი კრედიტი და პანდემიაა. როგორც უძრავი ქონების განცხადებების ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმრო დაახლოებით 5.9 მლნ ლარადაა შეფასებული.

საუბარია მთლიან კომპლექსზე, რომელშიც შედის მოქმედი, ორსართულიანი რესტორანი (პირველი სართული 170 პერსონაზე, მეორე სართული 270 პერსონაზე), ასევე ხუთნომრიანი დასრულებული, მოქმედი სასტუმრო და 3-სართულიანი, 11-ნომრიანი მშენებარე სასტუმრო. სასტუმროს აქვს მოქმედი დიდი აუზი, ბუხარი, თონე, არყის გამოსახდელი, ფანჩატური, გამწვანებული ეზო და დიდი სპარკინგე ტერიტორია. მთლიანი ტერიტორია 5000 კვ/მზე მეტი ფართობია.

სასტუმრო კომპლექსის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზებზე bm.ge მის ერთ-ერთ მფლობელს ნინო ბოტკოველს დაუკავშირდა.

„ხუთნომრიანი სასტუმრო მოქმედია. თუმცა, გაფართოებისთვის აღებული გვქონდა კრედიტი. იმ თანხით პირველი ეტაპის სამუშაოები დავასრულეთ, გარედან გავაკეთეთ, მეორე ეტაპზე უკვე შიდა სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად, ბანკმა აღარ მოგვცა დამატებით სესხი, ეს პანდემიის დასაწყისი იყო. დაგვრჩა სესხი, დაუსრულებელი შენობა, რესტორანიც დაიკეტა პანდემიიდან გამომდინარე, კრედიტის გადავადებაც მოგვიწია, შესაბამისად გაიზარდა პროცენტიც.

„აწარმოე საქართველოს“ გრანტებშიც რამდენჯერაც მივიღეთ მონაწილეობა, ვერცერთხელ ვერ ჩავჯექით რატომღაც კრიტერიუმებში. მუდმივად იყო ისეთი ნიუანსები, რის გამოც უარს გვეუბნებოდნენ“, - განაცხადა ნინო ბოტკოველმა.

მისივე თქმით, მართალია ხუთნომრიანი სასტუმრო მოქმედებს, მაგრამ ეს ვერ ფარავს ხარჯს.

„რაც შეეხება რესტორანს, ჩვენ მას ძირითადად ვამუშავებდით უფრო როგორც საბანკეტო დარბაზს, ქორწილებისთვის, ნათლობებისთვის და ა.შ. რესტორნები როცა გახსნება, კრედიტის დაფარვა შეიძლება მოვახერხოთ, მაგრამ სასტუმროს დასრულებას უკვე ვეღარ შევძლებთ. ეს გათვლა არ გვქონდა სამწუხაროდ“, - აცხადებს სასტუმროს თანამფლობელი.

ნინო ბოტკოველი ასევე ამბობს, რომ "აწარმოე საქართველოსაც" და ეკონომიკის სამინისტროსაც მისწერეს ელექტრონული ფოსტით წერილი, თუმცა, მათგან გამოხმაურება არ ყოფილა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები