მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ - 8 კითხვა სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ

6316e57763714
თელარა გელანტია
06.09.22 10:15
810
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ.

ზურაბ აზარაშვილთან საქართველოს პარლამენტის წევრთა 7-კაციანი ჯგუფის კითხვები სოციალურად დაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას ეხება, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ BMG-მაც მოამზადა სიუჟეტი „სოცდაუცველების ამუშავების“ პროგრამის ეფექტიანობის შესახებ.



დეპუტატების კითხვებიც, ძირითადად, აღნიშნული სამთავრობო პროგრამის მიზნობრიობას და ეფექტიანობას ეხება.
რვა კითხვა ზურაბ აზარაშვილს:

1. რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში?

2. ვინ ახორციელებს, აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?

3. ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენსა და წარდგენას შესაბამის უწყებაში?

4. რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში?

5. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით შეიქმნა 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპ- ებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო?

6. როგორც ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე?

7. თვლით, თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?

8. თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმე წლიან გეგმას?

ცნობისთვის: ინტერპელაციის წესით გაგზავნილი კითხვების ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები