ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი რეგულაციები მზადდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ფარმაცევტული სექტორის ახალ მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეგულირების ქვეშ არ ექცეოდა, ფასები გაზარდეს. სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებას, რაზეც პასუხი რამდენიმე თვეში მოკვლევის დასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს. მანამდე სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს.
„სამინისტრო, როგორც მაკონტროლებელი ძალიან მნიშვნელოვანია იყოს აღჭურვილი შესაბამისი ფუნქციებით და შესაბამისი შესაძლებლობებით და ყველა ის ფუნქცია, რაც საჭიროა ფარმაცევტული სექტორის კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალობისთვის და ამ გამჭვირვალობის კარგად საკონტროლებლად სამინისტროს ეს ფუნქციები ექნება“,- განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა bm.ge-ს.
ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსზე დეტალურად ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური bm.ge-სთან ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება გაიზრდება. მას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ შორის ფასების ზრდის შემთხვევაში მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა ექნება.
„მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი არის ის, რომ რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო გახდნენ მაქსიმალურად ეფექტიანები და მაქსიმალურად მოქნილები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების [მედიკამენტებზე ფასების ზრდა] დაფიქსირების შემთხვევაში ეფექტიანად მოვახდინოთ პრევენცია.
ამ ეტაპზე ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ და მოვუწოდეთ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს, რაზეც საბედნიეროდ თებერვლის თვეში ფარმაკომპანიებმა მყისიერი რეაგირება გააკეთეს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი უფლებები უნდა გააჩნდეს რეგულირების სააგენტოს იმისთვის, რომ კომპანიების კეთილსინდისიერებაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის იმ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი, რომელიც უკვე მომზადებულია და გაეგზავნება შესაბამის ორგანოებს დასამტკიცებლად.
ჩვენ ვსაუბრობთ ცვლილებებზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მისცემს მყისიერი რეაგირების შესაძლებლობას ასეთი შემთხვევების დაფიქსირებისგან“,-განაცხადა ღუდუშაურმა.