მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის სისტემის ხარისხს ადეკვატური დაფინანსება სჭირდება“ - ჯანდაცვის სპეციალისტი

62ce87299687a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.22 09:45
586
ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო მირზიკაშვილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს, რომელიც ზურაბ აზარაშვილმა 11 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემაზე გადასვლასა და მანამდე ინდექსაციის გადახედვაზე საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკები ყოველთვის აქცენტს დაფინანსებაზე აკეთებენ, რაც დასანანია, რადგან ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებისას მთავარი მაღალი სტანდარტები და ხარისხია.

ამის საპასუხოდ ნინო მირზიკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურების მიწოდება და მისი ხარისხი ბევრი კომპონენტისგან შედგება და მათ შორის არის დაფინანსება, რომელიც მაღალ ხარისხს განსაზღვრავს.

„დაფინანსება ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იმისთვის, რომ სისტემამ და კლინიკებმა გამართულად იფუნქციონირონ, სწორი და გამართული დაფინანსების მეთოდები მნიშვნელოვანია.

გასაგებია, რომ DRG სისტემა შემოდის, მაგრამ ეს პროცესი ერთ დღეში ვერ დასრულდება. ეს მიეკუთვნება სამართლიანი დაფინანსების პრინციპს, რომელიც ევროპის, ამერიკის და სხვადასხვა ქვეყანაშია უკვე დადასტურებული. DRG-ზე გადასვლა არ მოხდება მყისიერად, მანამდე ამ კლინიკებს სჭირდებათ არსებობა, რათა პაციენტებს ხარისხიანი სერვისები მიაწოდონ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, ამ ხარისხს ადეკვატური დაფინანსება სჭირდება. მნიშვნელოვანია დაფინანსების ინდექსაცია და მიბმა იმაზე, რომ სწორი და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები მიეწოდოს პაციენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა ხარისხთან ხელმისაწვდომობასთან, ადამიანურ რესურსებთან იქმნება. არაერთმა კლინიკამ დააანონსა, რომ ექიმებსა და ექთნებს ვერ ინარჩუნებს, კადრების გადინება ხდება და ბევრ კომპონენტს ექმნება პრობლემა, რადგან დაფინანსება ადეკვატური არ არის და წარმოქმნის მეთოდოლოგია არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს და კლინიკების შეჯერება, რათა ამ წრიდან პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და კლინიკებისთვის საუკეთესო გამოსავალი“, - განმარტა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები