მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიმ საიმონსის $100-მილიონიანი იახტა ბათუმის პორტს ხვალ დატოვებს

64abde9301bb2
გიორგი არონია
10.07.23 14:50
3334

ამერიკელი მილიარდერის, ჯიმ საიმონსის $100-მილიონიანი სუპერიახტა “არქიმედე”, რომელიც ბათუმის პორტში 6 ივლისიდან დგას, საქართველოს 11 ივლისს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის ბათუმის პორტში დაუდასტურეს. სად გაემგზავრება “არქიმედე” ბათუმის შემდეგ და იმყოფება თუ არა ბორტზე თავად იახტის მფლობელი - ამ საკითხზე, ბათუმის პორტში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკელი მილიარდერის იახტის შემოსვლის შესახებ პირველად გამოცემა “ბათუმელებმა” დაწერა, მაგრამ თავად ფაქტი, ასევე დასტურდება იახტების გლობალური ტრეკერის, Vessel Finder-ის პორტალითაც, რომლის ინფორმაციით, “არქიმედე” ბათუმის პორტში 6 ივლისს შემოვიდა. პორტალზე ხელმისაწვდომი ღია ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლამდე, იახტა თურქეთში იმყოფებოდა, მანამდე კი ესპანეთსა და გიბრალტარში.

იახტა “არქიმედე” ნიდერლანდურმა გემთმშენმა კომპანიამ, Feadship-მა 2008 წელს გამოუშვა. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 68 მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიგანის სუპერიახტა ფოლადისა და ალუმინისგან არის დამზადებული, ხოლო მისი წონა 1462 ტონას შეადგენს. “არქიმედე” აღჭურვილია ორი ათასი ცხენის ძალის მქონე ორი ძრავით, რომელთა გამოყენებით, იახტის მაქსიმალური სიჩქარე 16 საზღვაო მილი/სთ-შია. იახტის ექსტერიერსა და ინტერიერზე ბრიტანელმა დიზაინერმა, ჯონ მუნფორდმა იმუშავა, რომელმაც, კარიერის განმავლობაში, 20-ზე მეტი იახტის დიზაინი შექმნა.

საერთაშორისო მედიაში არსებული ინფორმაციით, სუპერიახტა “არქიმედე” 85 წლის ამერიკელ მილიარდერს, ჯიმ საიმონსს ეკუთვნის. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, ჯიმ საიმონსი $28.1 მილიარდის ქონებას ფლობს და შესაბამისად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 52-ე ადგილს იკავებს. მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი ჰეჯ-ფონდ Renaissance Technologies-ზე მოდის, რომელიც საიმონსმა 1982 წელს, ნიუ-იორკში დააფუძნა. რეალურად, Renaissance Technologies-ი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია $100 მილიარდის აქტივებს მართავს.

ვინ არის მილიარდერი ჯიმ საიმონსი, რომლის იახტა ბათუმის პორტშია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები