სირთულეებმა პროექტის ვადები შეცვალა. ინვესტორის თქმით, აკვაპარკი ბაკურიანში 2023 წლამდე უნდა ამოქმედებულიყო, რადგან სწორად ამ წელს საქართველომ თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. დღეს კი, ბაკურიანის აკვაპარკის პროექტის შესრულების ვადები 2021-2024 წლით შეიცვალა.
ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ ამდენი ხნით საინვესტიციო პროექტების შეჩერება არ შეიძლება.
„დღეს რომ მითხრან მიწების საკითხი გადაწყვეტილიაო, ჩვენ მარტიდან შევძლებთ სამუშაობის დაწყებას... მუცლადმყოფ ბავშვს ვერ ეტყვი 9 თვის მაგივრად 16 თვე გაჩერდიო, ასევეა, საინვესტიციო პროექტებიც. 3 წელიწადში რომ არის რაღაც გასაკეთებელი, ბიზნესმენს არ უნდა უთხრა, ჯერ ვერ გააკეთებო და მერე 1.5 წელში - ჩქარ-ჩქარა გააკეთეო. ჩქარ-ჩქარა გაკეთებული მალევე დაინგრევა, ვის უნდა ეს...“ - განმარტავს ბიზნესმენი.

ბაკურიანის აკვა პარკზე საუბრისას ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ჰქონდა შემოთავაზება ჩინეთიდან აკვა პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ წინადადებაზე უარი თქვა, რადგან სამშობლოში ინვესტირება მისთვის პრიორიტეტულია. მისი თქმით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ინვესტიცია ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 15 მლნ ევრო.
„ვფიქრობ, "ჯინო ბაკურიანში" უფრო მეტი - ათეულობით მილიონი ევრო ჩაიდება”, - ამბობს ინვესტორი.
ნოდარ გიორგაძის თქმით, საწყის ეტაპზე, აკვა პარკი ბაკურიანში, დაახლოებით 30-40 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო მისი განვითარების კვალდაკვალ სამუშაო ადგილების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.