მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან ტექსტილს” საექსპორტო ბაზარზე 40%-იანი კლება აქვს

5fb28b0a6e364
ლიკა გურაბანიძე
16.11.20 22:00
1263

სამკერვალო-საწარმო “ჯორჯიან ტექსტილის” მენეჯერმა სალომე შარაძემ “საქმიანი დილის” ეთერში სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიას ერთადერთ საექსპორტო – თურქეთის ბაზარზე გაყიდვების 40%-იანი კლება აქვს. როგორც სალომე შარაძემ განმარტა, პანდემიის პირობებში კომპანიამ საწარმოო ხაზი სრულად გადააწყო და პირბადეების კერვა დაიწყო.

“დღეს ჩვენი კომპანია მუშაობას განაგრძობს, თუმცა არა იმ დატვირთვით, რაც გვქონდა, თუმცა ვცდილობთ, რომ შეუფერხებლად ვიმუშაოთ.

ჩვენ თურქეთის ბაზარზე 40%-იანი კლება გვაქვს, მათ შეკვეთები გაგვიუქმეს და რაოდენობები შეგვიმცირეს. როდესაც ჩვენ 250 ათასიდან 300 ათას ცალამდე პროდუქტს ვამზადებდით, ახლა 200 ათას ცალამდე ვკერავთ.

2020 წლისთვის წარმოების მოცულობების ზრდა გვქონდა დაგეგმილი, ასევე გაყიდვების მაჩვენებლების 15-20%-იანი ზრდა გვინდოდა, თუმცა დროებით გაჩერებულები ვართ. ასევე პროდუქციის გატანა ევროპის ბაზარზე გვინდოდა, მაგრამ რადგან საზღვარი ჩაკეტილია, ეს გვაზარალებს.

როდესაც პანდემია გაივლის, ტექსტილის სფეროზე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვა და შესაბამისად მაჩვენებლებში ზრდა იქნება", - განაცხადა შარაძემ.

ცნობისთვის, "ჯორჯიან ტექსტილი" ბათუმსა და ქუთაისში ჯამში 500-მდე ადამიანს ასაქმებს და ისეთი ბრენდებისთვის კერავს ტანსაცმელს, როგორიცაა Next-ი, Colin's-ი, Defacto და Mavi. "ჯორჯიან ტექსტილი" სამომავლოდ ევროპის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები