მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე ოკუპაციასა და სავაჭრო კავშირებზე ისაუბრეს - მთავრობა

60a7a40e6f7b6
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.21 16:16
644
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მორიგი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. მთავრობის პრესსამსახურის თანახმად. შეხვედრა ონლაინ-ფორმატში შედგა. 

"განხილულ იქნა აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე. კერძოდ, ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159,61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316,60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებენ ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები