მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგროლეინის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ღვინიშვილი ექსპორტის თანმდევ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მთავარი გამოწვევა ავია გადაზიდვებია.
როგორც იგი BM.GE-თან განმარტავს, მოცვის ის რაოდენობა, რაც საქართველოშია გაშენებული შეუძლებელია სრულად ქვეყანაში რეალიზდეს, ამიტომ ყველა კომპანია ცდილობს ექსპორტზე იმუშაოს. მისი თქმით, ქართული პროდუქციით ძალიან ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, მაგრამ საჰაერო გადაზიდვებში ორი მთავარი პრობლემა არსებობს.
"ამ დროს საჭიროა საჰაერო გადაზიდვა, სადაც ორი მთავარი პრობლემა იჩენს თავს: პირველი არის ის, რომ არ არსებობს რეგულარული სატვირთო რეისები, გვიწევს სამგზავრო რეისებით გაგზავნა, რაც გვზღუდავს რაოდენობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამაში ჩაერთვება და დაიწყებს სატვირთო რეისების სუბსიდირებაზე მუშაობას, რაც ექსპორტს საგრძნობლად გაზრდის.
მეორე პრობლემა კი ისაა, რომ საბაჟო ტერმინალი აქვს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და ქუთაისის აეროპორტიდან კომერციული ტვირთის გაგზავნა შეუძლებელია, ამ დროს მთელი წარმოება დასავლეთ საქართველოშია და ეს ფაქტი ლოჯისტიკას ძალიან აძვირებს და ართულებს,“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ საწარმოს მაქსიმალური სიმძლავრე 400 ტონა მოცვია, გასულ წელს კომპანიამ კლიმატური პირობების გამო 250 ტონა პროდუქციის გადამუშავება მოახერხა და 80% ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანა.
ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან მოცვის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 2022 წელს მოცვის, შტოშის და სხვა კენკრის რეალიზებით საქართველომ 8 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ქვეყნიდან 1 392 ტონა საქონელი გაიყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მოცვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო ღირებულება 50%-ით გაიზარდა.