კატარის მთავრობამ ფრანგულ ენერგოგიგანტ TotalEnergies-თან და იტალიურ ENI-სთან ხელი მოაწერა $30-მილიარდიან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში, კატარ თხევადი გაზის (LNG) მიმწოდებლებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს და წარმოების საერთო მოცულობით ამჟამინდელ ლიდერს - ავსტრალიას გადაუსწრებს.
ზემოხსენებული პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგოსაბადოს ათვისებას, გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს. გეგმის პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში თხევადი გაზის წარმოება წლიური 77 მილიონი ტონიდან 110 ტონამდე გაიზრდება, ხოლო 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი 126 მილიონ ტონას მიაღწევს.
თხევადი გაზი (LNG) ბუნებრივი აირის ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენს - მისი მთავარი უპირატესობა ტანკერების საშუალებით გადაზიდვის შესაძლებლობაა. ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელია ძვირად ღირებული მილსადენი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელსაც გამართულად ოპერირებისთვის მუდმივი დაცვა და მოვლა სჭირდება. LNG-ის შემთხვევაში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მის გადასაზიდად საკმარისია სპეციალური კონტეინერები და ტანკერები, რაც მას ენერგიის შედარებით მოქნილ წყაროდ აქცევს.
კატარის გეგმა პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან. ევროკომისიის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში EU ეტაპობრივად შეამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე, მათ შორის, ბუნებრივ აირზეც, რომელიც ინფრასტრუქტურის გამო ყველაზე რთულად ჩანაცვლებად რესურსად განიხილება.
შეთანხმების პირობების თანახმად, TotalEnergies და Eni პროექტის 25%-იან წილს მიიღებენ.