მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კუჭავა: გამოწვევების ეფექტიანად დასაძლევად დღეს იდეების კონსოლიდირება გვჭირდება

6087fcc148da0
თელარა გელანტია
27.04.21 15:52
781
„გამოწვევების ეფექტიანად დასაძლევად, დღეს იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება, ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა. ჩვენ უნდა დავდოთ რეალური შედეგები - ამას ელოდება ჩვენგან საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და ხაზგასმით აღნიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელ საც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა პანდემია, რომელსაც მსოფლიო წელიწადზე მეტია, ებრძვის და რომელმაც ქვეყნებს დიდი ზიანი მიაყენა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსთან გასამკლავებლად გადადგა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის გამოწვევასთან ბრძოლას საერთო კონსენსუსი და მიზნობრივი, კონსოლიდირებული გეგმა სჭირდება.

„ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე.

პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევას და ღირსეულად განმკლავებას კი სჭირდება საერთო კონსესუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა. დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა!

მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოებთ. მე ამის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები