მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო ბაღები სწავლის დაწყებას სექტემბერში ითხოვენ

5f48bc8225c05
ინგა მურუსიძე
28.08.20 12:05
1809
კერძო საბავშვო ბაღები სახელმწიფოსგან ითხოვენ ნებართვას, რათა სასწავლო პროცესი სექტემბერში დაიწყოს, ნაცვლად მთავრობის მიერ განსაზღვრული 1 ოქტომრბისა. 

BMG-სთან საუბარში “საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციის” თავმჯდომარემ, პავლე ქალიაშვილმა განაცხადა, რომ მათ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბექა ფერაძემ განუცხადა, რომ კერძო ბაღების გახსნის საკითხის შესახებ ისინი პასუხს მომდევნო კვირაში მიიღებენ. 

„ჩვენ უკვე გვაქვს ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. იქ შეუსრულებელი არაფერია და ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ. მოთხოვნა გვქონდა, რომ კვადრატულობის საკითხი ამოეღოთ და ასეც მოხდა. თუმცა ჩვენი პრობლემა არის სწავლის დაწყების თარიღი. როგორც დაპირებული იყვნენ, ჩვენ ამის შესაბამისად გავატარეთ ბავშვების რეგისტრაცია, მშობლები ელოდნენ სწავლის 1 სექტემბერს დაწყებას. სახელმწიფოსგან პასუხს ვერ ვიღებთ. ბექა ფერაძე დაგვპირდა, რომ მთავრობასთან შეათანხმებს ჩვენს მოთხოვნას და გვეტყვიან მომდევნო კვირაში, დავიწყოთ თუ არა სწავლა“, - განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ქალიაშვილი ამბობს, კერძო ბაღებს პრობლემები აქვთ მოიჯარეებთან. „უკვე 6 თვეა იჯარები ვერ გადავიხადეთ, ახლა შეთანხმებული ვიყავით, რომ 1 სექტემბრიდან გადავიხდიდით, შესაბამისად, თუ არ გაიხსნა ბაღები ესეც პრობლემა იქნება“, - აღნიშნა ქალიაშვილმა.

კერძო ბაღების ასოციაცია თბილისსა და ბათუმში არსებული კერძო საბავშვო ბაღების უმეტესობას წარმოადგენს. 

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები