დღეს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში 50-მდე ქართული და 20-მდე სლოვაკური კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მერიოტში" სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის დროსაც სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნესშეხვედრები გაიმართა.
როგორც ღონისძიების მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ეს პლატფორმა კერძო სექტორისთვის კარგი პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის კარგი შესაძლებლობაა.
„ჩვენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას წარმოვადგენთ, რომელიც საქართველოში ინვესტორებს საქართველოს უპირატესობების გამოყენებაში ეხმარება. ეს პლატფორმა ჩვენნაირი კომპანიებისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ პოტენციურ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაცია დავამყაროთ.
საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს განსაკუთრებით სლოვაკეთთან მიმართებით ერთ-ერთი გეოგრაფიული მდებარეობაა, მეორე საგადასახადო სისტემაა, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მათ შორის აქ არსებული წარმოების შესაძლებლობა, რომელიც სლოვაკეთში ყველაზე განვითარებულ ინდუსტრიას შესაძლებლობას მისცემს აქედან ნედლეული იმპორტის გადასახადის გარეშე მიაწოდოს“, - განაცხადა კომპანია IBSS საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი არჯევანიძემ.
სლოვაკური ექსიმ ბანკის ექსპორტის დირექტორი კი ამბობს, რომ საქართველო სლოვაკეთთან მჭიდრო კავშირშია: „ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი საინვესტიციო სახის პროექტები სტუმარმასპინძლობის სექტორში განვახორციელეთ. ქვეყნებს ბიზნესკავშირების გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. დღეს გამართულ ბიზნესფორუმში წარმოდგენილია 18 სლოვაკური კომპანია IT და ენერგეტიკის სექტორიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელს შუვუწყობთ ადგილობრივ კომპანიების ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“.