მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კეთილი და პატიოსანის“ წარმოება 18 მლნ ბოთლამდე გაიზრდება, ინვესტიცია ₾1 მილიონამდეა

6287abcb3a70e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.22 19:15
1226
კომპანია "ქართული აგრო პროდუქტი", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელს ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობასა და ხილ-ფაფების წარმოებას მართავს და ამავე დროს დასალევი ხილ-ბოსტნეულს "კეთილი და პატიოსანს“ აწარმოებს, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე საკუთარი საწარმოო ხაზის გამართვას გეგმავს.

კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ახალი ხაზის საინვესტიციო ღირებულება 970 000 ლარია და კომპანია წარმოების გამართვის შემდეგ წლიურად 18 მლნ ბოთლის წარმოებას შეძლებს. ამასთან, კომპანიამ "შეღავათიანი აგროკრედიტის" სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, რა დროსაც სესხის პროცენტის 11% სახელმწიფო იხდის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული აგრო პროდუქტი“ წარმოების გაფართოების პროექტის განხორციელებას 2021 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, თუმცა მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა ლოგისტიკურმა და საწარმოო შეფერხებებმა ადგილობრივი წარმოება შეაფერხა.

„წარმოების გაფართოების გადაწყვეტილება საექსპორტო ბაზარებიდან მზარდი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ, თუმცა სექტემბრის შემდეგ საწარმოო დანადგარის გამოგზავნას ველით, შესაბამისად, დღეს „კეთილი და პატიოსანის“ წარმოება და ექსპორტი გაჩერებული გვაქვს. საქმე ის არის, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთი დანადგარების მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნაწილებს, მათზე მოთხოვნის ზრდის გამო, დროულად ვერ აწვდის. დანადგარების ყველა მწარმოებელს ეს პრობლემა აქვს. ამიტომ თუ აქამდე დანადგარის მოწოდების ვადა ხელშეკრულებით 4 თვე იყო, შემდეგ ეს დრო 7 თვემდე გაიზარდა, ახლა კი გვეუბნებიან, რომ დანადგარი კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, ივლისში გამოიგზავნოს. თუ ასე მოხდება საწარმოო ხაზის გამართვას აგვისტოსთვის შევძლებთ“, - განმარტავს გიორგი ახალაძე.

დღეს „ქართული აგრო პროდუქტი“ დასალევ ხილ-ბოსტნეულს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რადგან კომპანიას მზა პროდუქტის მხოლოდ 70 000 ცალი ბოთლი აქვს დარჩენილი. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებიდან - აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად დღეს კომპანია, საექსპორტო ბაზრებს პროდუქტებით ვერ აწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები