მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შს მინისტრი დაიღუპა

63c7b3df4a871
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.23 12:57
740
კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„18 იანვრის დილას, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ“, - აცხადებს ეროვნული პოლიციის იგორ კლიმენკო.

მისი სიტყვებით, ვერტმფრენის ვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 16 ადამიანი, აქედან 2 ბავშვია. მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენში იჯდა.

„22 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა პროფილური და სპეცსამსახურები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიმდებარე ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ შს მინისტრი დენის მონასტირსკი, ასევე მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, ბროვარში ჩამოვარდნილი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ვერტმფრენი ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესრულების მიზნით თავის სამუშაოს ასრულებდა.

ცნობისთვის: 18 იანვრის დილას კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი მასშტაბური ხანძარი საბავშვო ბაღის მიმდებარედ დაიწყო. მოგვიანებით პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილზე საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები