მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KIU-ში ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის ახალი სამაგისტრო პროგრამა იწყება - ინტერვიუ ნათია ზედგინიძესთან

6499420990b0e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.23 09:01
1713
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მსურველებს ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამის გავლა შეეძლებათ. ეს საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ათწლეულებია მოქმედებს და მისი კურსდამთავრებულების საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატებით სარგებლობენ. ფინანსებისა და ტექნოლოგიების კომბინაციით სამაგისტრო პროგრამის გავლა ახლა უკვე საქართველოშიც, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც ხელმისაწვდომი იქნება. პროგრამის ხელმძღვანელები განცხადებით, ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის მიზანი ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და პრაქტიკოსი მენეჯერების გამოცდილების გაზრდაა. პროგრამაში ჩართულ პირებს უახლესი ფინანსური და ციფრული ტექნოლოგიების ათვისების, დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავების და ტექნოლოგიისა და მეწარმეობის ინტეგრირების შესაძლებლობა ექნებათ. მრავალფეროვანი პროგრამა კომუნიკაციისა და ბიზნეს უნარების კურსებს, საზაფხულო სკოლებს, პროექტებს ბიზნეს პარტნიორებთან და სავალდებულო სოციალურ პროექტს მოიცავს და მას საერთაშორისო სპეციალისტები და პროფესორები გაუძღვებიან. FIM-ის პროგრამის ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მათემატიკური ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი და ამავე სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი რუდი ზაგსტია, თანახელმძღვანელი კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე -ჯიშკარიანია. სწორედ ნათია ზედგინიძე გვიამბობს ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის პროგრამის უპირატესობებზე და უპასუხებს BM.GE-ს კითხვებს - რატომ გააკეთა არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, ვინ შეიძლება ჩაირიცხოს FIM პროგრამაზე და რა შესაძლებლობებს აძლევს პროგრამა კურსდამთავრებულებს.


- პროგრამა, რომელიც ფინანსებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. დღეს მისი გავლა საქართველოშიც შესაძლებელია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ გააკეთა KIU-მ სწორედ ამ პროგრამაზე აქცენტი?

ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, როდესაც KIU-ში სტუდენტების პირველი კოჰორტა მივიღეთ. როგორც ყველა იდეას, ამ იდეასაც ჰქონდა თავისი გარემოებები და ფაქტორები, რამაც ახალი სამაგისტრო პროგრამის დანერგვისკენ გვიბიძგა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, დღეს, ტექნოლოგიების ერაში, შრომის ბაზარზე სპეციალისტებზე მოთხოვნა მზარდია, რომლებიც როგორც დარგობრივ კომპეტენციებს კონკრეტული მიმართულებით (ეკონომიკა, ფინანსები, მედიცინა და ა.შ.), ასევე დარგთან დაკავშირებული, რელევანტური ტექნოლოგიების ან ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის კომპეტენციებს ფლობენ.

თითქმის ყველა სექტორში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია კომპანია მოქნილი იყოს, კონკურენტუნარიანი, თანამედროვე, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული. ეს ყოველივე კი კომპლექსური უნარებისა და ცოდნის ფლობას მოითხოვს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შეძლებს კომპანიაში ერთი მხრივ კონკრეტული დარგობრივი მიმართულებით მთელი რიგი საკითხების, მონაცემების, პრობლემების, ამოცანების, გამოწვევების იდენტიფიცირებას და ანალიზს და მეორე მხრივ მათი გადაჭრის ტექნოლოგიური მოდელების შექმნას დამოუკიდებლად. სწორედ ასეთი ადამიანური კაპიტალი ესაჭიროება დღეს დამსაქმებელს და თანამედროვე შრომის ბაზარს.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს: მოგეხსენებათ, KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ТUMInt.-თან თანამშრომლობს. უნივერსიტეტშიც სწორედ TUM-ის ანალოგი პროგრამებია და მას ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები ასწავლიან. ბუნებრივია, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი თითოეული სკოლა ეტაპობრივად ვვითარდებით. განვითარების ერთ-ერთი ვექტორი კი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, რომელთა კურსდამთავრებულებიც იქნებიან კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამ იდეით და ზემოაღნიშნული საჭიროებებით, ყურადღება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერეთ. გადავწყვიტეთ, მენეჯმენტის სკოლაში FIM პროგრამა მის ხელმძღვანელებთან და შემქმნელებთან ურთიერთთანამშრომლობით დაგვენერგა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2004 წელს შეიქმნა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემის მიხედვით (CHE Master Ranking) ნომერ პირველ პროგრამად დასახელდა გერმანიაში და 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში Die Zeit და Handelsblatt უნივერსიტეტების ეროვნულ რეიტინგში ყველა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

FIM პროგრამა ორიენტირებულია ფინანსურ სექტორში მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც შეძლებენ ბიზნეს სექტორში ახალი, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელების შექმნას. პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში გლობალურად კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, ხოლო პრაქტიკოს მენეჯერებში კი ცოდნის გაღრმავება. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი სხვადასხვა სექტორში, განსხვავებული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე, თავად შექმნან შემოსავლის ახალი შესაძლებლობები და აითვისონ ბაზარზე არსებული ახალი სივრცეები, ახლებურად დაგეგმონ და მართონ ფინანსური სექტორი.


- კონკრეტულად როდიდან დაიწყება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფინანსებისა და ინფორმაციის სამაგისტრო (FIM) პროგრამაზე მიღება?

ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის პროგრამაზე მიღება მას შემდეგ დაიწყება, რაც აპლიკანტები საერთო სამაგისტრო გამოცდებს დაასრულებენ და ვადების შესაბამისად, კონკრეტულ უნივერსიტეტებში მომართვიანობას დაიწყებენ. ოქტომბრის მეორე ნახევარში კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამის პირველ სტუდენტებს მიიღებს.



- მიუნხენში შექმნილი და დღეს უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დანერგილი პროგრამა იმითაცაა გამორჩეული, რომ პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს საერთაშორისო დონის, გამოცდილი პროფესორები გაუძღვებიან. ამის შესახებ რომ გვიამბოთ - ვინ იქნება ჩართული სწავლებაში და ვის გამოცდილებასა და ცოდნას გაიზიარებენ მაგისტრები?

მენეჯმენტის სკოლაში FIM პროგრამა ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროფესორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. მასში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი. პროგრამას ჰყავს ორი ხელმძღვანელი: TUМ-ის ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროგრამის შემქმნელი და განმახორციელებელი პროფესორი რუდი ზაგსტი (Rudi Zagst), თანახელმძღვანელი კი მე გახლავართ, რომელიც ასევე KIU-ში მენეჯმენტის სკოლას ვხელმძღვანელობ. სასწავლო პროცესებში ჩვენი საერთაშორისო აკადემიური პერსონალია ჩართული. კერძოდ, თავად პროფესორი რუდი ზაგსტი, პროფესორი ლუის სეკო, პროფესორი კრისტიან შმიდტი, პროფესორი ანდრეას დიტჩე და ა.შ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის განვითარებაზე არიან ორიენტირებული, არამედ გლობალური ხედვებით, პრაქტიკით გამოირჩევიან და მზად არიან სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.


- ვინაიდან ფინანსებისა და ინფორმაციის სამაგისტრო პროგრამა გლობალურად საკმაოდ მოთხოვნადია, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შესაძლებლობები ეძლევათ ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს?

FIM პროგრამის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების შესაძლებლობები ფართოა და არ შემოიფარგლება კონკრეტული სექტორით ან ქვეყნით, რადგან ფინანსები და ციფრული ტექნოლოგიები ნებისმიერ სექტორში მოთხოვნადია და მე ვიტყოდი არსებითიცაა. თუ მეტად დავკონკრეტდებით, კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას ფინანსურ/საბანკო სექტორში, ფინტექ სექტორში, სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესში, ციფრული-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებებში, პროგრამული უზრუნველყოფის, ჯანდაცვასა და ფარმაცევტულ სექტორებში, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მომუშავე კომპანიებში და ა.შ. მოკლედ, ყველგან სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების შემუშავების საჭიროებებია. ზემოაღნიშნულ პერსპექტივებს კი პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსები და მასში ჩართული საერთაშორისო აკადემიური პროფესურა განაპირობებს. პროგრამა ხომ მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა.


- ვინ შეძლებს ახალი სამაგისტრო პროგრამის დაძლევას და განაცხადის გაკეთებას, ვისთვისაა განკუთვნილი პროგრამა და როგორია თქვენი აქტივობასა და მოთხოვნასთან დაკავშირებული მოლოდინი?

FIM პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათისაა და შესაბამისად განაცხადის გაკეთება ყველა იმ პირს შეუძლია, ვინც ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტით და ამ ორი მიმართულებს ინტეგრაციითაა დაინტერესებული. ვისაც სურს ემპირიულ-ანალიტიკური სამუშაო მეთოდებისა და ინფორმაციული სისტემების მეშვეობით ფინანსების მართვა, მონაცემების დამუშავება, ანალიზი, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მმართველობითი გადაწყვეტების მიღება. და რა თქმა უნდა, ვინც აკმაყოფილებს პროგრამაზე მიღების წინაპირობებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრულია ის კომპეტენციები, რასაც პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი უნდა ფლობდეს. შესაბამისად, FIM პროგრამაზე ჩარიცხვას შეძლებენ ის დაინტერესებული პირები, ვინც ფლობენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შემდეგი რომელიმე მიმართულებებით: ეკონომიკა, ბიზნეს და საინფორმაციო ინჟინერია; ბუღალტერია, ფინანსები; ფიზიკა, ელექტრული ინჟინერია; ინსტრუმენტები, ავტომატიზაცია და საკონტროლო სისტემების ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა ან მონათესავე სწავლის სფეროები.



დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ:
https://www.kiu.edu.ge/eng/program/detailed/355/Finance-and-Information-Management,-MSc

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები