მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებს ექთნები დაბალ პოზიციებზე იძულებით გადაჰყავთ - "სოლიდარობის ქსელი"

63b80718db3eb
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.23 15:40
1545
სახელმწიფოს მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს ექთნები სხვა პოზიციებზე გადაჰყავთ. მიზეზი ხელფასების გაზრდის თავიდან არიდებაა - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ის პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ მთავრობის დადგენილებით ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა. კერძოდ, დადგენილებით ექთნების მინიმალური ხელფასი 752 ლარი უნდა იყოს, ხოლო ექიმების - ₾1260.

გუშინ, სოლიდარობის ქსელმა კლინიკების მიერ ექთნების სხვა პოზიციებზე გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც პრობლემის მოგვარების თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავდა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული კლინიკები ცდილობენ ექთნები გადაიყვანონ სხვა პოზიციებზე, რადგან სახელმწიფოს მიერ ექთნებისთვის დაწესებული გაზრდილი მინიმალური ხელფასი მათ 2023 წლის იანვრიდან არ გადაუხადონ. ძვირფასო ექთნებო, თუ ეს ხდება თქვენს კლინიკაში, კატეგორიულად არ მოაწეროთ არაფერს ხელი და იმ წუთასვე დაგვიკავშირდით საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 557996534 ან 593138087. ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგვეხმაროს აღკვეთოს მსგავსი მანიპულაციები კლინიკების მხრიდან, რომლებიც ექთნებს ართმევენ გაზრდილი ხელფასის შესაძლებლობას და აკნინებენ მთავრობის წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოში მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის შემოღებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროფკავშირის ხელმძღვანელი BM.GE-სთან ამბობს, რომ მათ რეგიონიდან რამდენიმე ექთანი დაუკავშირდათ და აღნიშნული ფაქტების შესახებ უამბეს, სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელების შემდეგ კი ზარების რაოდენობა გაიზარდა.

„კლინიკებს, იმისთვის რომ ექთნებს ხელფასები არ გაუზარდონ, დაბალ პოზიციებზე იძულებით გადაჰყავთ. გვირეკავენ რეგიონებიდან და გვიხსნიან, რომ მათთვის დამსაქმებელთან დაპირისპირება რთულია, რადგან სხვა სამუშაოს მოძებნა უჭირთ. ზარები შემოვიდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქმედი 4 კლინიკიდან. ექთნების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა მათი რაოდენობა განცხადების გავრცელების შემდეგ მზარდია.

სოლიდარობის ფონდში ამ ინფორმაციის შემოსვლის შემდეგ ჩვენ შრომის ინსპექციას მივმართეთ და მათგან პასუხს ველით“, - განმარტა სოფო ჯაფარიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge-მ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა და ელოდება პასუხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები