ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა პირველი მოსმენით ორი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტებს და მათგან გამომდინარე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 27 მოქმედ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, შშმ პირთათვის კარგი ინიციატივაა. მისივე განმარტებით, კანონებში მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის.
„კერძოდ ეს ეხება იმ დისკრიმინაციულ ტერმინებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შემორჩენილია კანონმდებლობაში. ჩვენმა ქვეყანამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციასთან მიერთებით აიღო ვალდებულება შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების კონვენციის სტანდარტის შესაბამისად დაცვის თაობაზე. კონვენციის თანამიმდევრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს სახელმწიფომ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განახორციელა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკანონმდებლო აქტების კონვენციის სტანდარტებთან დაახლოება კვლავ აქტუალურია, რაც მათ შორის, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი კონვენციის რატიფიცირებამდე არსებობდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომელიც მოქმედ კანონში განსხვავებულად ან დამატებით დარეგულირებას საჭიროებს და სწორედ ამან გამოიწვია ცვლილებები.
კომიტეტმა ორივე საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.