მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „აკურა“ მის მფლობელს 2021 წელს დაუბრუნდება - ლევან დავითაშვილი

5f7ed9723d5d1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 13:26
2579
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია „აკურა“, რომელიც წლების განმავლობაში გლეხებისგან ჭარბ ყურძენს ყიდულობდა, 2021 წლის დასაწყისში თავის კანონიერ მფლობელებს გადაეცემა.

ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „აკურას“ მფლობელებისთვის გადაცემის საკითხს შეეხებოდა.

„პირველ რიგში მიდიოდა სამართლებრივი პროცესი, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა მართავდა, შესაბამისად, პროკურატურას ჰქონდა თავისი რეკომენდაცია და დასკვნა ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ქონების მართვის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. შედგა გეგმა და ეს ინფორმაცია ყოფილ სამართლიან მფლობელებთან არის შეთანხმებული, ამის შემდეგ დაიწყო აუდიტის პროცესი, რათა განისაზღვროს  სახელმწიფო ინვესტიციები, რომელიც ფიქსირებულ აქტივებში იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადებული. ამიტომ ეს პროცესი აუდიტის მიერ კარგად უნდა შეფასდეს. საბოლოოდ, რეალისტები რომ ვიყოთ, წლის ბოლოსთვის გვექნება სრული სურათი - რა არის სახელმწიფო საკუთრება როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების სახით და რა ქონება დაკარგა დაზარალებულმა. მომავალი წლის დასაწყისში სამართლიანობა მართლაც აღდგება და „აკურა“ თავის მფლობელებს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის რთველის სუბსიდირების პროცესში ახალი სახელმწიფო საწარმო - შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაერთვება, რომელიც მევენახეებისგან პირდაპირი კონტრაქტების საშუალებით 15 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეიძენს. კომპანია 2020 წლის 4 აგვისტოს არის რეგისტრირებული და მის განმკარგავი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ ახალი კომპანიის დაფუძნების საჭიროება წარმოიშვა მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა კახეთში, სოფელ აკურაში მდებარე ღვინის ქარხნის ძველი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი. სს "აკურას" მთავრობა გასული 16 წლის განმავლობაში განკარგავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები