ენერგოდამოუკიდებელი კომპანიების რიცხვს შეემატა სარკეების მწარმოებელი კომპანია სარკე ნამი Mirror NAMI - ამის შესახებ ინფორმაციას მზის ელექტრო სადგურების მომწყობი კომპანია Helios Energy ავრცელებს.
„46 კვტ სიმძლავრის მზის ელ-სადგური 60 000 კვტ.სთ წლიური გენერაციით სრულად მოამარაგებს საწარმოო პროცესს და როგორც ხედავთ, სადგურს ვერანდის გადახურვის ფუნქციაც აქვს“, - წერია Helios Energy-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE-მ პროექტის დეტალების გასარკვევად სარკეების მწარმოებელი კომპანიის „ნამის“ დამფუძნებელს გიორგი ქომეთიანს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მზის ელექტროსადგურის მოწყობა „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
„ელექტროსადგურის განხორციელებისთვის ჯამში 110 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თვეში დაახლოებით 1 800 ლარის კომუნალური ხარჯი გვქონდა და ამას სრულად ჩავანაცვლებთ. კომპანიისთვის ეს ძალიან ხელსაყრელია, რამდენადაც მზის ელექტროსადგურის მუშარობის რესურსი 30 წელია. საწყის ეტაპზე დაზოგილი ფინანსური რესურსი სესხის დაფარვისთვის მიიმართება, ხოლო ამის შემდეგ კი კომპანიის განვითარებას მოხმარდება“, - აღნიშნა გიორგი ქომეთიანმა.